ირაკლი კობახიძე – უნდა ველოდოთ დაკავებულთა რიცხვის გაზრდას – რაც შეეხება ახალაიების ოჯახს, ეს ძალადობა არაფრად ეჩვენებათ იმასთან შედარებით, რასაც გლდანის ციხეში ახორციელებდნენ, როდესაც პატიმრებს პირდაპირი მნიშვნელობით აწამებდნენ

ახალაიების ოჯახს ეს ძალადობა არაფრად ეჩვენებათ იმასთან შედარებით, რა ძალადობასაც ისინი ახორციელებდნენ გლდანის ციხეში, როდესაც აწამებდნენ პატიმრებს პირდაპირი მნიშვნელობით,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მიერ გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ 4 ოქტომბერს იყო მშვიდობიანი სამოქალაქო აჯანყება, რომელიც თავისი რანგით 9 აპრილის მოვლენებს უტოლდება.
პრემიერის შეფასებით „ისეთი მორალის მქონე ადამიანისგან, როგორიც ბაჩო ახალიაა, მსგავსი განცხადება გასაკვირი არ არის“.
„რაც შეეხება მათ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით რომ თითქოს არ იყო ძალადობა, ვგულისხმობ ახალაიების ოჯახს, როგორც ჩანს, მათ ეს ძალადობა არაფრად ეჩვენებათ იმასთან შედარებით, რა ძალადობასაც ისინი ახორციელებდნენ გლდანის ციხეში. მათთვის ეს ძალადობა არაფერია იმასთან შედარებით, რა ძალადობასაც ისინი ახორციელებდნენ ციხეში, როდესაც აწამებდნენ პატიმრებს პირდაპირი მნიშვნელობით. ასეთი მორალის ადამიანებისგან ასეთი განცხადებები არ გვიკვირს. დანარჩენს, რა თქმა უნდა, დაადგენს გამოძიება, მათ შორის, უცხოურ კავშირებთან დაკავშირებით გამოძიება დაადგენს ყველა დეტალს. მე არ მინდა წინ გავუსწრო მოვლენებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დეტალი იქნას გამოძიებული“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა არ გამორიცხა, რომ ოთხი ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულ პირთა რაოდენობა გაიზარდოს.
„სავარაუდოდ, გაიზრდება, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვაფრთხილებდით ყველას იდენტიფიცირების შესაძლებლობებთან დაკავშირებითაც. ყველას ვაფრთხილებდით, რომ გვქონდა მოძალადეების იდენტიფიცირების კიდევ უფრო მეტი რესურსი, ვიდრე გვქონდა მანამდე. აქედან გამომდინარე, ყველა მოძალადე, ვინც იქნება იდენტიფიცირებული, მიეცემა პასუხისგებაში. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ უნდა ველოდოთ რიცხვის გაზრდას. ასეთი რამ არ შეიძლება მარტივად გაატაროს სახელმწიფომ, როდესაც ხორციელდება ასეთი მასშტაბის ძალადობა სახელმწიფოზე, სახელმწიფოს ინსტიტუტებზე, რა თქმა უნდა, რეაგირება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მომავალში დავაზღვიოთ სახელმწიფო ასეთი ტიპის მცდელობებისგან და ამას, რა თქმა უნდა, ბოლომდე მივიყვანთ“, – განაცხადა პრემიერმა.