პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც მოსახლეობას დიდთოვლობამ შეუქმნა, აქტიურად მიმდინარეობს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერ კიდევ არის დასახლებები, რომლებიც მთლიანად არის მოწყვეტილი გარე სამყაროს.
„აქტიურ რეჟიმში გრძელდება სამუშაოები. ვითარება კვლავაც საკმაოდ რთულია. ერთ-ერთი კრიტიკული მონაკვეთი იყო სოფელ შრომამდე მოსასვლელი გზა. მთლიანად იყო ეს სოფელი და რამდენიმე მიმდებარე სოფელი ოზურგეთს, ქალაქს მოწყვეტილი. ღამის განმავლობაში, დილამდე მაშველებმა აქტიურად იმუშავეს და მთლიანად გაიწმინდა გზის ეს მონაკვეთი, შესაბამისად, კომუნიკაცია არის აღდგენილი. გზის არ არსებობის გამო აქ ელექტროენერგიის მიწოდებაც არის ჯერ კიდევ შეწყვეტილი და გზის გაწმენდა იძლევა იმის საშუალებას, რომ უახლოეს საათებში ელექტროენერგიის მიწოდებაც აღდგეს. „ენერგო პროსთან“ მქონდა ამაზე [კომუნიკაცია]. გრძელდება აქტიურად მუშაობა, იმისთვის, რომ სადაც საჭიროა, აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება და ეს სამუშაოები გაგრძელდება. ასევე, მაქსიმალურად სადაც ამის საჭიროება, მოსახლეობა იქნება სურსათითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფილი. ძალიან აქტიურად მუშაობენ სასწრაფო დახმარების ბრიგადები. აქამდე არ გვაქვს არცერთი კრიტიკული შემთხვევა, როცა იყო გადაუდებელი აუცილებლობა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ვერ შეძლო ადგილზე მისვლა. სასწრაფო დახმარების ბრიგადები ახერხებენ ადგილზე მისვლას და დახმარების გაწევას. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას: მაშველებს, რომლებიც აქტიურად არიან ამ სამუშაოებში ჩართულები, სასწრაფო დახმარებას, სამხედროებს, რომლებიც გუშინ ჩაერთნენ შესაბამის სამუშაოებში. ყველას განსაკუთრებული მადლობა. მადლობა ასევე ადგილობრივ ხელისუფლებას. ჯერ კიდევ არის დასახლებები, რომლებიც მთლიანად არის მოწყვეტილი გარე სამყაროს, შესაბამისად, იქ მაქსიმალური ყურადღება იქნება გამოყენებული, იმისთვის, რომ კომუნიკაცია აღდგეს. სხვადასხვა საშუალება იქნება ჩართული ამ პრობლემების მოგვარებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განმარტა, იგეგმება თუ არა დიდთოვლობის გამო მოსახლეობის ევაკუაცია. როგორც მან გურიაში, მედიასთან აღნიშნა, ამ ეტაპზე ევაკუაცია ნაკლებად აქტუალურია, თუმცა ყველა სოფელში შევლენ, რათა მოსახლეობას დაეხმარონ.
„რეალურად ამ სოფლების შემთხვევაშიც ზუსტად იგივე სამუშაოები არის ჩასატარებელი, რაც სოფელ შრომის შემთხვევაში, საჭიროა გზის გაწმენდა და ამაზე მუშაობა წარიმართება. არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება ერთ დღეშიც ვერ მოხერხდეს გზის გაწმენდა და ამ შემთხვევაში ალტერნატიული საშუალებით შევლენ როგორც მაშველები, ასევე თავდაცვის ძალების წარმომადგენლები სოფლებში იმისთვის, რომ მოსახლეობა შესაბამისი დახმარებით უზრუნველყონ. ევაკუაცია ნაკლებად აქტუალურია, როგორც ჩარევის ზომა, თუმცა, რაც შეეხება სოფლებში შესვლას, უკლებლივ ყველა სოფელში უნდა შევიდეთ იმისთვის, რომ მოსახლეობას ადგილზე გავუწიოთ დახმარება. ეს არის მთავარი გეგმა, რომელიც დასახული გვაქვს“, – განაცხადა კობახიძემ.
