საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დადებით დინამიკას, მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს და სხვადასხვა სფეროში პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებს. საუბარი ასევე შეეხო დარგობრივ უწყებებს შორის ურთიერთობებს და საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის როლს ორმხრივი ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაღრმავებაში. აღინიშნა, რომ საქართველო და უზბეკეთი სტაბილური სავაჭრო პარტნიორები არიან და მნიშვნელოვანია სავაჭრო ბრუნვის ზრდის კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისება. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკი კოლეგა ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
„კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით განსაკუთრებული მიღებისთვის და ჩვენი ხალხისა და დელეგაციისადმი მეგობრული დამოკიდებულებისთვის. ნამდვილად შთამბეჭდავია, თუ როგორ ვითარდება ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის. სწრაფად ვითარდება თქვენი ქვეყანა. ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რეფორმებმა და იმ გარდაქმნამ, რაც უზბეკეთში ხორციელდება თქვენი ლიდერობით. მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მოგიწვიოთ საქართველოში. სხვადასხვა მიმართულებით ჩვენს თანამშრომლობას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყნებს შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. დაინტერესებულნი ვართ, სავაჭრო პარტნიორობა კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენს ქვეყნებს შორის. ინვესტიციების ნაწილშიც შესაძლებელია გააქტიურება. თქვენი საინვესტიციო გარემო შეიძლება ძალიან მიმზიდველი იქნეს ქართველი ინვესტორებისთვის და საქართველოც ძალიან საინტერესეო საინვესტიციო გარემოს სთავაზობს პოტენციურ ინვესტორებს. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ შუა დერეფნის განვითარებას. საქართველოს სტრატეგიული ადგიმლდებარეობა აქვს და ისტორიულად აკავშირებდა ევროპასა და აზიას, დასავლეთსა და აღმოსავლეთს. გვსურს, ამ სტრატეგიული ადგილმდებარეობით მაქსიმალურად ვისარგებლოთ და ამ მიმართულებითაც ძალიან ნაყოფიერი და სასარგებლო შეიძლება იყოს თანამშრომლობა საქართველოსა და უზბეკეთს შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოსა და უზბეკეთს შორის ურთიერთობების განვითარების დადებით დინამიკაზე ისაუბრა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრმა. როგორც აბდულა არიპოვმა აღნიშნა, ორმხრივი კავშირები ურთიერთნდობის და პატივისცემის პრინციპებს ეფუძნება და ყველა მიმართულებით აქტიურად ვითარდება.
„თანამშრომლობა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში ინტენსიურად მიმდინარეობს. ორმხრივი ვაჭრობის მაჩვენებლები იზრდება, ასევე ხორციელდება ერთობლივი პროექტები. კულტურული, ჰუმანიტარული და რეგიონთაშორისი კავშირები მტკიცდება. უზბეკეთი ყოველთვის მზადაა საქართველოსთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთობების ყველა ფორმატში. დღეს ჩვენი მთავრობების მთავარ ამოცანას წარმოადგენს იმ შეთანხმებების დროული განხორციელება, რომლებიც ეხება ახალ შეთავაზებებს ჩვენი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის. ბატონო ირაკლი, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში თქვენი პირველი ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთში კიდევ უფრო განამტკიცებს ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებს ჩვენს ქვეყნებს შორის, ასევე ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს თანამშრომლობას“,- განაცხადა აბდულა არიპოვმა.
