ირაკლი კობახიძე: საშუალო ხელფასი მნიშვნელოვნად არის გადაცილებული 2 000 ლარს, ბოლო სამ წელიწადში შეიქმნა 195 000 ახალი სამუშაო ადგილი, სიღარიბის მაჩვენებელი დაახლოებით სამჯერ არის შემცირებული

საშუალო ხელფასი ოთხი წლის წინ თუ იყო, დაახლოებით, 1 200 ლარი, ახლა მნიშვნელოვნად არის გადაცილებული 2000 ლარს, დასაქმების ნაწილში, მხოლოდ ბოლო სამ წელიწადში, შეიქმნა 195 000 ახალი სამუშაო ადგილი, – ამის შესახებ მ გადაცემაში – „ღამის კურიერი“ განაცხადა.

მისივე თქმით, სიღარიბის მაჩვენებელი წინა ხელისუფლების პერიოდის მონაცემებთან შედარებით, დაახლოებით, სამჯერ არის შემცირებული და „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი პროგრამის თანახმად, 2028 წელს სიღარიბის მაჩვენებელი 4%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

„ამ რიცხვებს ვერ გააყალბებ, ვინაიდან ამ დასაქმებულ ადამიანებს ბიუჯეტში შეაქვთ ფული. 195 000-ით მეტს შეაქვს ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადი და გარდა იმისა, რომ რაოდენობა გაიზარდა, საშუალო ხელფასიც, თითქმის, გაორმაგებულია ოთხი წლის წინანდელთან შედარებით. საბოლოო ჯამში, 195 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა მარტო ბოლო სამ წელში და ოთხი წლის თავზე გვაქვს გაორმაგებული საშუალო ხელფასი. ამას როგორ გააყალბებ, ამდენჯერ მეტი შევიდა ბიუჯეტში. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხალხი ბედნიერია. სიღარიბის ნაწილს რაც შეეხება, 30 % იყო სიღარიბე 2012 წელს, ეს დაგვიტოვეს მემკვიდრეობად. 2023 წლის მონაცემებით, 11.8 %-მდეა ჩამოსული. მალე გამოქვეყნდება 2024 წლის მონაცემები და წესით, დაახლოებით, 10 %-მდე უნდა იყოს შემცირებული, ამის დიდი იმედი გვაქვს. ანუ, სამჯერ არის დაახლოებით შემცირებული სიღარიბის მაჩვენებელი, წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებით. ჩვენ იმას არ ვამბობთ, რომ ხალხი ბედნიერია და ყველა მდიდარია. მეტიც, ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 10 %, რაც არის 370 000 ადამიანი, ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა. დღეს, ჩვენი ნომინალური ეკონომიკა 9 000 დოლარს გადაცდა, დაახლოებით 13 500 დოლარს უნდა მიაღწიოს იმისათვის, რომ არსებითად მოუგვარდეს საზოგადოებას პრობლემა. ჩვენი პროგრამის თანახმად, 4 %-მდე უნდა შემცირდეს სიღარიბე 2028 წლის ბოლოსთვის, რაც სავსებით შესაძლებელია იმ ტენდენციის გათვალისწინებით, რომელიც გვაქვს აღებული,“- აღნიშნა პრემიერმა.

კობახიძის თქმით, ეკონომიკა ფული არ არის, რომ ვიღაცის ჯიბეში წავიდეს, თუმცა ოპონენტები მსგავს აბსურდულ მესიჯებსაც აჟღერებენ, რაც სასაცილოა.

„ვიღაცაზე ეს ყველაფერი მეტად აისახება, ვიღაცაზე ნაკლებად, მაგრამ საშუალო ზრდა არის ის, რაც აღვნიშნე. ვინც ოდნავ ერკვევა ეკონომიკაში, როგორც კი დახედავთ ცხრილს, ნახავთ, რომ საქართველო არის, პირობითად, 25 000 აშშ დოლარი და გერმანია არის 50 000 დოლარი, პირობითად ვამბობ ამ ციფრებს, ეს ნიშნავს იმას, რომ გერმანიაში საქართველოზე ორჯერ უკეთესად ცხოვრობენ. ეს 25 000 შენთან თუ გახდება 50 000, ეს ნიშნავს იმას, რომ შენთან მოსახლეობის ცხოვრების დონე ზუსტად ორჯერ გაუმჯობესდა, ეს მარტივი მათემატიკაა, როგორც კი ცხრილს დახედავ, ეს ყველაფერი ნათლად ჩანს. გახარიას პარტიის წარმომადგენლებს ჰქონდათ მესიჯი, რომ ეს ეკონომიკა კი იზრდებაო, მაგრამ 25 ოჯახის, არ ვიცი ეს 25 საიდან მოიტანეს, მათი პარტიული ნომერია 25, 25 ოჯახის ჯიბეში მიდის ეს თანხაო. ხალხს ატყუებენ ამაშიც, ფული კი არ არის ეკონომიკა. ანუ, სასტუმრო რომ აშენდა ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ნაწილში ეკონომიკა გაიზარდა, ნიშნავს იმას, რომ დამატებით, პირობითად, 50 კაცი დასაქმდა, ხელფასები მოემატათ და ა.შ. ეს არის ეკონომიკა. როგორ შეიძლება 25 კაცის ჯიბეში წავიდეს ეს. როცა გაიხსნა ახალი სასტუმრო, აქ ხომ დასაქმდა 50 ადამიანი, გადაიხადა საშემოსავლო, ხელფასი მოემატათ, ასეთ აბსურდებზე გვიწევს საუბარი, ეკონომისტისთვის ეს ყველაფერი არის სასაცილო, მაგრამ სამწუხაროდ ასეთ თემებზეც გვიწევს საუბარი“, – განაცხადა პრემიერმა.