არჩევნები არის დამთავრებული. უახლოეს მომავალში არჩევნების შედეგები ცესკოს მიერ შეჯამდება. ამის შემდეგ ძალიან მალე შედგება პარლამენტის პირველი შეკრება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საქართველოში უმაღლესი ხარისხის არჩევნები ჩატარდა.
„თვის ბოლოსთვის გაიმართება პარლამენტის პირველი შეკრება. ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში მთავრობის შემადგენლობა ჩამოყალიბდება. ეს არის ის დღის წესრიგი, რომლითაც ბუნებრივია, ჩვენი ქვეყანა იცხოვრებს. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ცდილობენ პარალელური დღის წესრიგი შექმნან, თუმცა ამას ვერ მოახერხებენ. 4 წლის წინ მათ ერთგვარი წარმატებული მცდელობა ჰქონდათ, რომ სხვა დღის წესრიგში გადაეყვანათ ჩვენი ქვეყნის განვითარება და შესაბამისი პროცესები. გახსოვთ მაშინ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან ქვეყნის გასვლა, პარლამენტის საბოტაჟი, ცნობილი 19 აპრილის შეთანხმება. დღეს ამის არავითარი რესურსი აღარ არსებობს. პროცესები ჩვეულებრივად გაგრძელდება, ჩვეულებრივად შედგება პარლამენტის პირველი სხდომა და მთავრობას ნდობა გამოუცხადდება. ეს არის ის დღის წესრიგი, რომლითაც პროცესები განვითარდება“, – განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ოპოზიცია მხარდამჭერებს უმტკიცებდა, რომ არჩევნებს იგებდა, მაგრამ დღეს თავს იმართლებენ.
„ოპოზიცია საკუთარ მხარდამჭერებს უმტკიცებდა, რომ ისინი არჩევნებს იგებდნენ და დღეს თავის მართლება უწევთ. ეს არის თავის მართლების ფორმა. საუბარი არარსებულ გაყალბებაზე არის თავის მართლების ერთგვარი ფორმა. რეალურად, იცით, რომ მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან ჩვენი სხვაობა არის 890 ათასზე მეტი ხმა. ასეთ დროს გაყალბებაზე საუბარი უბრალოდ ღიმილის მომგვრელია. თავიდან დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ 300 ათასი ხმა გაყალბდა, ამის საფუძველი არაფერი იყო. შემდეგ 200 ათასზე ჩამოვიდნენ, როცა ნახეს, რომ ჭარბ რიცხვებზე საუბრობდნენ“, – განაცხადა პრემიერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები ხარისხობრივად აშშ-ის და მოლდოვის არჩევნებს ბევრად აღემატებოდა.
„სინამდვილეში ჩატარდა უმაღლესი ხარისხის არჩევნები. აიღეთ იგივე მოლდოვის, აშშ-ის არჩევნები. ხარისხობრივად, ქართული არჩევნები ბევრად აღემატებოდა არჩევნებს როგორც ერთ, ასევე მეორე ქვეყანაში. ჩვენ 2012 წლიდან დავამკვიდრეთ ამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პრაქტიკა. ეს არის ის პრაქტიკა, რომელსაც განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, პრემიერის აზრით, ოპოზიცია პარლამენტში შევა.
“მგონია, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა. მათი გადასაწყვეტია, უნდათ შემოვიდნენ, უნდათ ნუ შემოვლენ. განცხადება მედიასთან პრემიერ მინისტრმა.
კობახიძე აქვე დასძინა, რომ არც მათ შესვლას და არც არშესვლას არავითარი ფასი არა აქვს, რადგან ოპოზიციას არავითარი რესურსი, საპარლამენტო ცხოვრებას რაიმე სარგებელი მოუტანონ, არ გააჩნია.
“რა თქმა უნდა, მათი საქმიანობა თავიდან ბოლომდე დესტრუქციული იქნება. არც მათ შესვლას და არც არ შესვლას არავითარი ფასი არა აქვს – თუ არ შევლენ ქვეყანაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში იქნება მეტი სიმშვიდე, თუმცა სიმშვიდეს ასედაც და ისედაც დავიცავთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.