ირაკლი კობახიძე: სამარცხვინო ტყუილია, რომ მზია ამაღლობელი გამოხატვის თავისუფლებისთვის ზის ციხეში

სამართლებრივ შეფასებაში ვერ შევალ. შემიძლია საერთო შეფასება გავაკეთო იმ სამართალდარღვევისა, რომელიც ჩადენილ იქნა. არ შეიძლება ვიღაცამ სცადოს ასე მარტივად ხელი აღმართოს სახელმწიფოზე, სახელმწიფოს წარმადგენელზე. ამას სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება სჭირდებოდა – მთავარი პრობლემაა, რომ ვერ ვხედავთ ვერავითარ სინანულს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც უკვე 28-ე დღეა შიმშილობს.

როგორც აცხადებს, არც მზია ამაღლობელისა და არც მისი კოლეგების მხრიდან ფაქტთან დაკავშირებით სინანულის გრძნობა არ არსებობს, პირიქით, მისივე შეფასებით, „ისინი მსგავსს ფაქტებს ახალისებენ“.

„რაც შეეხება მზია ამაღლობელის კოლეგებთან შეხვედრას, მე ველოდი, რომ გარკვეული სინანული დაედებოდა ფონად იმ ინიციატივას, რომელიც მოვისმინეთ, მაგრამ არანაირი სინანული! მათ უნდათ სამართლებრივი საკითხების გარჩევა. ეს საკითხები ჩემთან ვერ გაირჩევა, მე არ ვარ არც პროკურორი, არც მოსამართლე, სამართლებრივი საკითხები სასამართლოში და პროკურატურაში უნდა გაირჩეს. ვინმეს თუ უნდა გამოხატოს სინანული, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი იქნება და სახელმწიფოს მიმართ პატივისცემის გამოხატულება. ამის შემდეგ შეიძლება დავიწყოთ საუბარი ნებისმიერ თემაზე და შეხვედრებზე. მაგრამ, როდესაც სინანულს არ გამოხატავენ და ასეთი სამართალდარღვევების წახალისებას ცდილობენ, ეს უკიდურესად მიუღებელია და ამის მიმართ ლოიალურები ვერ ვიქნებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე ირაკლი კობახიძე მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურებაც შეაფასა.

როგორც მან განაცხადა, შეფასება, რომ მზია ამაღლობელი გამოხატვის თავისუფლების გამო ზის ციხეში, სამარცხვინო ტყუილია.

„თქვენ მოისმინეთ ერთ-ერთი საერთაშორისო გამოხმაურება გუშინ, სადაც საუბარია იმაზე, რომ თითქოს თავისუფალი სიტყვის გამოხატვის გამო ზის კონკრეტული ადამიანი ციხეში. ხომ ხედავთ, რამდენად სამარცხვინო ტყუილებს კადრულობენ და ეს ტყუილი იკადრეს უმაღლეს დონეზე ევროკავშირში. ამაზე თქვენ უნდა გქონდეთ შეფასება და ასევე მნიშვნელოვანია, თქვენ გქონდეთ შეფასება იმაზე, რომ კონკრეტული ადამიანი კადრულობს და პოლიციის უფროსს სახეში ურტყამს ხელს. ამაზე ყველას უნდა ჰქონდეს ჯანსაღი რეაქცია და არა ისეთი, როგორიც გამოხატეს გუშინ, მაგალითად, ევროკავშირის უმაღლესმა თანამდებობის პირებმა, რომლებმაც იკადრეს სამარცხვინო ტყუილი და თქვეს, რომ თითქოს ჟურნალისტი თავისუფალი აზრის გამოხატვის გამო ზის ციხეში. ეს სამარცხვინო ტყუილია და ასეთ სამარცხვინო ტყუილებზე ჩვენ ვერ გვექნება ვერავითარი რეაგირება”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ს პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე დააკავეს. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

მზია ამაღლობელი დაკავების მომენტიდან შიმშილობს. დღეს მისი შიმშილობის მე-28 დღეა. ამაღლობელი ამ დროისთვის კლინიკა “ვივამედშია“ მოთავსებული.