საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ვასილ მაღლაფერიძემ პრემიერ-მინისტრს ტელევიზიის ახალი შენობა დაათვალიერებინეს.
ირაკლი კობახიძემ ტელევიზიის თანამშრომლებს ახალი შენობის გახსნა მიულოცა და საზოგადოებრივი მაუწყებლის „განსაკუთრებულ დატვირთვაზე“ გაამახვილა ყურადღება.
„შენობა გამორჩეულია შინაარსით და ძალიან ეფექტურია მთელი ინფრასტრუქტურით. მოხარული ვარ, რომ დღეიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი იმუშავებს სრულიად განსხვავებულ გარემოში, ახალ შენობაში, ახალ სტუდიებში და სრულად განახლებული აპარატურით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჟურნალისტისთვის. მინდა, მათ განსაკუთრებულად მივულოცო დღევანდელი დღე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა გასულ წლებში მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლებამ კერძო მაუწყებლებთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებელიც მიითვისა, თუმცა დღეს განსხვავებული ვითარებაა.
„დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ზუსტად ისევე სარგებლობს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მედიის თავისუფლების ძირითადი უფლებით, როგორც სარგებლობენ კერძო მაუწყებლები. უფრო მეტიც, 2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაში, მე-17 მუხლში საგანგებოდ აისახა ჩანაწერი საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ და საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა, სადაც კონსტიტუციით არის გარანტირებული საზოგადოებრივი მაუწყებლის ინსტიტუციური სტატუსი. გარდა ამისა, კონსტიტუცია უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას სახელმწიფო უწყებებისგან და თავისუფლებას პოლიტიკური და არსებითი კომერციული გავლენისგან. ეს არის ერთ-ერთი დახვეწილი ჩანაწერი, რაც სხვადასხვა კონსტიტუციაში შეიძლება შეგხვდეთ საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით. ეს არის ახლანდელი დამოკიდებულება ზოგადად მედიის მიმართ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ და ეს შენობაც, ვფიქრობ, არის ამ დამოკიდებულების კიდევ ერთი გამოვლინება. საზოგადოებრივ მაუწყებელში დაიწყო ქართული ტელე და რადიო მაუწყებლობის ისტორია, აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივ მაუწყებელს დღეს აქვს და ყოველთვის ექნება განსაკუთრებული დატვირთვა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვაცნობიერებთ ხელისუფლების პასუხისმგებლობას, მუდმივად ვიზრუნოთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, მის დამოუკიდებლობაზე, მის მუდმივ განვითარებაზე. საქართველოს მთავრობის სახელით, შემიძლია, მოგცეთ პირობა, რომ ეს ზრუნვა მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება, რათა თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მქონე ტელევიზიამ საზოგადოებას მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. კიდევ ერთხელ მინდა, მოგილოცოთ ახალი შენობის გახსნა, გამორჩეულად მინდა, მოგილოცოთ ჟურნალისტებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ქმნიდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ისტორიას და მინდა, გისურვოთ უდიდესი წარმატებები პროფესიულ საქმიანობაში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის გახსნას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.