მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ხელის გულზე დევს, საჭიროა ყველაფრის ზედმიწევნით შესწავლა იმისთვის, რომ მტკიცებულებების დონეზე ხალხს კიდევ ერთხელ შევახსენოთ და ვაჩვენოთ, რა უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი იმ ადამიანებს, რომლებსაც სურდათ ხელისუფლებაში დაბრუნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მმართველი პარტიის ინიციატივას, რომლის თანახმადაც, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შესასწავლად პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შეიქმნება.
მისივე თქმით, ყველას კარგად ახსოვს, რა ხდებოდა საქართველოში 2004-2012 წლებში.
„რეალურად, მათი დანაშაულები ხელის გულზე დევს და გახსოვთ, რა ხდებოდა საქართველოში 2004-2012 წლებში. ეს იყო ადამიანების მკვლელობა – 150 ადამიანი, ახალგაზრდა მარტო ქუჩაში მოკლეს. ეს იყო ადამიანების წამება – ყველას ძალიან კარგად გახსოვთ ციხეებში რა ხდებოდა და ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცით. ბიზნესის რეკეტი – ტოტალური ფორმა ჰქონდა მიღებული ბიზნესის რეკეტს. ტელევიზიების მიტაცება – თქვენ გახსოვთ რა მოხდა ტელეკომპანია „იმედთან“და „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით, ამასთან, სხვა კერძო ტელევიზიებთან დაკავშირებით. მედიის სფეროში ტოტალური მონოპოლია დაამყარეს. ეს არის ხელის გულზე არსებული დანაშაულები. მთავარი დანაშაული მაინც არის 2008 წლის ომი, რის შედეგადაც, საქართველომ ტერიტორიების 20%-ი დაკარგა, მოხდა ე.წ. აღიარება აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის. 30 000 ადამიანი დევნილად იქცა და 400-ზე მეტი ჩვენი სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიღუპა. ეს არის უმძიმესი დანაშაული, რისთვისაც უნდა დადგეს პასუხისმგებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ხელის გულზე დევს, საჭიროა ყველაფრის ზედმიწევნით შესწავლა იმისთვის, რომ მტკიცებულებების დონეზე ხალხს კიდევ ერთხელ შევახსენოთ და ვაჩვენოთ, რა უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი იმ ადამიანებს, რომლებსაც სურდათ ხელისუფლებაში დაბრუნება“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის მტკიცებით, ევროკავშირის ელჩი, ქართველ ხალხს უმტკიცებდა, რომ „მწამებლები, მკვლელები, ომის გამჩაღებლები, ბიზნესის რეკეტიორები, მედიის მიმტაცებლები, თუ არ დაბრუნდებოდნენ ხელისუფლებაში, ამ შემთხვევაში ქვეყანას არ ეღირსებოდა ევროინტეგრაცია“.
„ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი გამოდიოდა და ქართველ ხალხს უმტკიცებდა ასეთ რამეს, რომ ეს მწამებლები, მკვლელები, ომის გამჩაღებლები, ბიზნესის რეკეტიორები, მედიის მიმტაცებლები, თუ არ დაბრუნდებოდნენ ხელისუფლებაში, ამ შემთხვევაში ქვეყანას ევროინტეგრაცია არ ეღირსებოდა.
რა შუაშია ევროინტეგრაცია და მკვლელები, ყაჩაღები და ა.შ.?! საზოგადოებამ გამოიტანა თავისი დასკვნა და ამის გამო, ის გაჰყვა არა ევროკავშირის ელჩის მოწოდებას, არამედ გაჰყვა სიმართლეს და სწორედ, ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 54% მიიღო, ხოლო ეს მწამებლები, მკვლელები და ა.შ. ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდნენ და ვერც ვერასდროს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი“, – განაცხადა კობახიძემ.
