ირაკლი კობახიძე – როცა ერთ მხარეს არის პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა და მას იწონებთ, ხოლო მეორე მხარეს ათჯერ მცირე ხარისხის ინციდენტებზე გაქვთ ასეთი რეაგირება, ეს ნიშნავს, რომ მიკერძოებული ხართ

ერთი მხრივ, გმირად ჰყავთ გამოცხადებული ადამიანი, რომელიც პოლიციელს ცოცხლად წვავდა და მეორეს მხრივ, თმის მოქაჩვაზე გაქვთ ამხელა რეაქცია. შეიძლება იყო უფრო მძიმე ინციდენტებიც, მაგრამ ერთ მხარეს როცა არის პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა და მას იწონებთ, მეორე მხარეს ათჯერ მცირე ხარისხის ინციდენტებზე გაქვთ ასეთი რეაგირება, ეს იმას ნიშნავს, რომ უკიდურესად მიკერძოებული ხართ, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტის კითხვას, დაისჯებიან თუ არა აქციის მონაწილეების მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტებზე სამართალდამცავები.
როგორც განმარტავს, მას „ეს ინციდენტები არ მოსწონს, თუმცა, ის ამერიკულსა და ევროპულს შეესატყვისება“.
„რაც შეეხება ინციდენტებს, ეს სამწუხარო ინციდენტებია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ინციდენტებიც კი, ამერიკულ და ევროპულ სტანდარტებს შეესატყვისება. ამერიკული სტანდარტი ამაზე დაბალია, ეს სამწუხაროა, ჩვენ ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტი გვინდა, მე არ მომწონს ეს სტანდარტი, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლიდან ამ ქვეყანაში ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტი დაამკვიდრა, ამიტომ ძალიან არ მომწონს ეს ინციდენტები და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, რომ მაქსიმალური მოთმინებით შეხვდნენ ნებისმიერ პროვოკაციას. სადაც სამართალდარღვევა იქნება, აუცილებლად იქნება შესაბამისი რეაგირებაც, ამას კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ. ამას შესაბამისი სტრუქტურები დაადგენენ, ეს საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი არ არის, რა არის სამართალდარღვევა და რა – არა. სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად მიიღება ყველა გადაწყვეტილება, ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით ერთმაგი სტანდარტი და არა ორმაგი სტანდარტი. სადაც სამართალდარღვევაა, ყველგან უნდა იყოს რეაგირება. ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით, რომლებიც ვერ ხედავენ ან იწონებენ ერთ მხარეს ძალადობას, ჩვენ არც ერთ მხარეს არ ვიწონებთ ძალადობას, რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით არის აუცილებელი ძალადობაზე სათანადო, სამართლებრივი რეაგირება“, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, დაისჯებიან თუ არა ძალადობის განმახორციელებელი პოლიციელები, კობახიძე პასუხობს, რომ მათ „გამოძიების მაღალი სტანდარტი აქვთ და ყველა მოთმინებით უნდა დაელოდოს სიმართლის დადგენას“.
„თქვენ გახსოვთ შარშან, რა მასშტაბით იყო ძალადობა, რომელსაც თქვენი ტელევიზიები, თქვენი პარტიები ახალისებდით. უდიდესი ძალადობის მიუხედავად, მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანი იყო დაჭერილი. ჩვენ გვაქვს მათ შორის, გამოძიების მაღალი სტანდარტი, ამიტომ ყველამ კეთილი უნდა ინებოს და დაიცადოს, ვიდრე სამართლებრივი პროცედურებით დადგინდება სიმართლე ყველა საქმესთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, სადაც ძალადობაა, ყველგან შესაბამისი რეაქცია გქონდეთ, ორმაგი სტანდარტით ნუ იმოქმედებთ. გამოძიება დაწყებულია მთელ რიგ საქმეებზე. დაკავებას რაც შეეხება, დაკავებას თავისი საფუძვლები სჭირდება. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში, დაკავების საფუძველი არ არსებობდა. გამოძიებას თავისი პროცედურები, ვადები აქვს და დაელოდეთ, ყველაფერი სამართლებრივი პროცედურების შესაბამისად ხდება. ერთადერთი, რასაც მოგიწოდებთ არის ის, რომ ორივე მიმართულებით თანაბარი რეაგირება გქონდეთ ძალადობაზე, ერთი მხრივ, გმირად ჰყავთ გამოცხადებული ადამიანი, რომელიც პოლიციელს ცოცხლად წვავდა და მეორეს მხრივ, თმის მოქაჩვაზე გაქვთ ამხელა რეაქცია, შეიძლება იყო უფრო მძიმე ინციდენტებიც, მაგრამ ერთ მხარეს როცა არის პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა და მას იწონებთ, მეორე მხარეს ათჯერ მცირე ხარისხის ინციდენტებზე გაქვთ ასეთი რეაგირება, ეს იმას ნიშნავს, რომ უკიდურესად მიკერძოებული ხართ“, – აცხადებს კობახიძემ.
კითხვაზე, აქვს თუ არა კადრები ნანახი, თუ როგორ უსწორდება სპეცრაზმელი ავტომანქანაში მოქალაქეს, პრემიერი პასუხობს, რომ მას „ყველა კადრი აქვს ნანახი“.
„ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოძიება დაწყებულია, დაკავების საფუძველი იყო თუ არა, ამაზე თქვენ ვერ გექნებათ პასუხი, ამაზე პასუხი სამართალდამცავ სტრუქტურებს ექნებათ. ამიტომ, დაელოდეთ, ყველაფერთან დაკავშირებით პასუხს მიიღებთ“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ