ამ პროტესტს საფუძველი არ აქვს – ყველამ ზუსტად უნდა გაიაზროს, რა ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო, ვის რაში სჭირდება ჩვენი ქვეყნის მუდმივი შანტაჟი? საზოგადოების გახლეჩა? – თუ ამას გაიზიარებენ გუშინდელი შეკრების მონაწილეები, დღეს არავინ აღარ გააპროტესტებს ჩვენს გუშინდელ ბრიფინგს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, „უსამართლობას და შანტაჟს რეაგირება სჭირდება“.
„საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და რა თქმა უნდა, ყველას აქვს პროტესტის უფლება, მათ შორის მშვიდობიანი გზით, მშვიდობიანი ფორმით შეკრების უფლება. ეს უფლება თავიდან ბოლომდე დაცული უნდა იყოს. პირადად მე მიმაჩნია, რომ ამ პროტესტს საფუძველი არ აქვს, ერთი მარტივი მიზეზის გამო. რაც შეეხება ევროინტეგრაციას, ერთადერთი, ვინც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელოვნურად აფერხებს, ესენი ევროპელი ბიუროკრატები და კონკრეტული პოლიტიკოსები არიან. ჩვენ წელიწად ნახევარი ვეხვეწებოდით მათ, მოენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ვამბობდით უარს კანდიდატის სტატუსზე? ვინმემ ოდესმე განმარტა, რატომ არ მიენიჭა საქართველოს 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსი? არავინ განმარტა, როდესაც ამ ყველაფერს მოჰყვა რევოლუციის მცდელობა. რევოლუციის მცდელობაში პირდაპირ იყვნენ ჩართულები ის ორგანიზაციები, რომლებიც ასევე, უცხოეთიდან ფინანსდებიან. ეს ხომ არის განსამარტი. საზოგადოებამ ამასთან დაკავშირებით დასკვნები ხომ უნდა გამოიტანოს?!
ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით დღემდე, 5 რეზოლუცია მიიღო. ომის დაწყების შემდეგ გააქტიურდნენ და 5-ვე რეზოლუციის შინაარსი ძალიან კარგად მოგეხსენებათ, როცა კრიმინალების გათავისუფლება ითხოვდნენ ციხეებიდან. საუბარია კრიმინალების მფარველობაზე. ითხოვდნენ მმართველი გუნდის ლიდერების დასჯას. გაუგონარი ჩანაწერებია. უსამართლობის მწვერვალია თითოეული ეს რეზოლუცია. ამასთან დაკავშირებით კითხვები ხომ უნდა დაისვას. მოლაპარაკებები რომ არ აქვს გახსნილი საქართველოს და გახსნილი აქვს მოლდოვას, ამასთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა დაისვას? რატომ არ ისმება ეს კითხვები საჯაროდ? რატომ არ აქვთ კითხვები? მოლდოვა დსთ-ს წევრი ქვეყანაა. სხვათა შორის, არც მოლდოვას არ დაუწესებია სანქციები. მოლდოვას დიპლომატიური ურთიერთობები აქვს რუსეთთან. ცოტა ხნის წინ, მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ უნდა განაახლონ ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან. ერთი კრიტიკული განცხადება თუ გახსოვთ მოლდოვასთან დაკავშირებით, რომ ის რჩება დსთ-ს წევრად. გახსოვთ ასეთი კრიტიკული განცხადება? ხომ ხედავთ, რომ ყველაფერი აბსოლუტურად ხელოვნურია. ამ უსამართლობას და შანტაჟს რეაგირება სჭირდება. ჩვენ რომ ხელოვნური შანტაჟით, ჩაგვტოვეს პოლარიზაციის პირობებში. ამას სჭირდება რეაგირება. სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ ამ პროტესტს არავითარი საფუძველი არ აქვს. ყველამ ზუსტად უნდა გაიაზროს, თუ რა ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო ამ სამი წლის განმავლობაში. ვის რაში სჭირდება ჩვენი ქვეყნის მუდმივი შანტაჟი, ვის რაში სჭირდება ჩვენი საზოგადოების გახლეჩა, რაში სჭირდებათ ეს ყველაფერი? ეს ქართულმა საზოგადოებამ უნდა გაიაზროს.
ჩვენ ერთადერთ რამეს ვამბობთ, ჩვენ ველოდებით უკრაინაში ომის დასრულებას გვაქვს იმედი, რომ ამის შემდეგ ურთიერთობები თვისებრივად გადაიტვირთება. ვაგრძელებთ შეუფერხებლად სვლას ევროკავშირისკენ და სწორედ ამის გამო ვამბობთ, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში შესრულდება მთავარი – ეს არის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ვალდებულებები 90%-ზე მეტი. თუ ამას გაიზიარებენ გუშინდელი შეკრების მონაწილეები, ამ შემთხვევაში დღეს არავინ აღარ გააპროტესტებს ჩვენს გუშინდელ ბრიფინგს. იმიტომ, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ცხადია, რა ითქვა გუშინ და რა ითქვა დღეს“,- განაცხადა პრემიერმა.