ზოგადად, გამოკითხვა ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით შეიძლება ჩატარდეს. არ ვიცი, კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით მე არ მაქვს პოზიცია. პირველ რიგში, საზოგადოებას უნდა ვკითხოთ ყველაფერი, როდესაც მიიღება გადაწყვეტილება, თუმცა, ამ კონკრეტულ თემაზე დღეს გამიჭირდება რაიმე კომენტარის გაკეთება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ინიციატივასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით პლებისციტის იდეას მოიაზრებს ადგილობრივი არჩევნების პარალელურად.
ამასთან, მისი თქმით, ევროინტეგრაციის სანაცვლოდ ულტიმატუმებით არ უნდა საუბრობდნენ ევროპელი პარტნიორები.
„ზოგადად, ჩვენთვის მიუღებელია ასეთი ულტიმატუმები, როდესაც ერთ მხარეს გიყენებენ ტრადიციულ ფასეულობებს, ოჯახურ ღირებულებებს, არასრულწლოვანთა ინტერესებს და მეორე მხარეს ევროინტეგრაციას. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ასეთი დილემებით უნდა ესაუბრებოდნენ ჩვენს საზოგადოებას, რომ ან უარი უნდა თქვა ევროინტეგრაციაზე ან უარი უნდა თქვა ტრადიციულ ფასეულობებზე – ეს არ არის სწორი დილემა და ჯანსაღი დილემა, შესაბამისად, საკითხი, თავისთავად, აქტუალურია.
ჩვენ ვხედავთ, რა მძიმე ტენდენციებია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყველა თვალსაზრისით, მათ შორის, როგორ აისახება პროპაგანდა სტატისტიკაზე ნეგატიური მიმართულებით. ბუნებრივია, ჩვენ გვჭირდება ამის პრევენცია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და ამას ემსახურებოდა ამ კანონების მიღება. თუ ეს კანონები არ არის აქტუალური და რელევანტური, მაშინ რატომ დარდობენ ამ კანონების მიღების გამო? სინამდვილეში, ეს კანონები არის ეფექტიანი და ეს კანონი ეფექტიანად უზრუნველყოფს რისკების პრევენციას და სწორედ ამიტომ დარდობენ ის ძალები და ადამიანები, რომლებიც საქართველოში აწარმოებენ მანკიერ პროპაგანდას და არა მარტო საქართველოში, ამიტომ, ეს კანონები უნდა დარჩეს ძალაში”, – განაცხადა კობახიძემ.
