ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები წინასწარმეტყველებდნენ საქართველოში ეკონომიკურ კრიზისს და ცდილობდნენ ასეთი აღქმაც შეექმნათ საზოგადოებაში – საბედნიეროდ, მათი არც პროგნოზები სრულდება და არც გეგმები ხორციელდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა.
მისივე თქმით, მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობის გარეშე, ეკონომიკური წინსვლა ვერ იქნებოდა.
„ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები წინასწარმეტყველებდნენ საქართველოში ეკონომიკურ კრიზისს და ცდილობდნენ ასეთი აღქმაც შეექმნათ საზოგადოებაში. აღქმა იმის, რომ ქვეყანა ეკონომიკური კრიზისისკენ წავიდოდა. მინდა გავიხსენო ერთ-ერთი მათი წარმომადგენლის კომენტარი, რომელიც 17 იანვარს აცხადებდა, რომ 3 თვეში, გავიდა უკვე სამი თვე, ლარის კურსი დოლართან მიმართებით იქნებოდა 3.1-ის მიდამოებში, დღეს ის 2.75-ის ფარგლებშია. ეკონომიკის 2%-იანი კლება იყო ნაწინასწარმეტყველები ამ კონკრეტული ყოფილი პოლიტიკოსის და ახლა უკვე ექსპერტის მხრიდან. როგორც ითქვა, პირველ კვარტალში გვაქვს 9,3%-იანი ეკონომიკური ზრდა. ინფლაცია 6% და მეტი, ასეთი იყო პროგნოზი და ინფლაციაც არის დასაშვები ზღვრის ფარგლებში. საუბარი იყო იმაზე, რომ ვერ შესრულდებოდა საგადასახადო შემოსავლების გეგმა და როგორც ხედავთ, ეს გეგმა პირველ კვარტალში 120 მლნ ლარზე მეტის გადაჭარბებით შესრულდა.
ძალიან სამწუხაროა, როცა კონკრეტული ადამიანები სრულიად შეგნებულად ცდილობდნენ ქვეყანაში უარყოფითი მოლოდინების შექმნას, ნიჰილიზმის დათესვას, ამას აქვს, რა თქმა უნდა, კონკრეტული პოლიტიკური მიზეზები, ეს არის დაკვეთა, რომელსაც კონკრეტული ადამიანები, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ასრულებენ. საბედნიეროდ, მათი არც პროგნოზები სრულდება და არც გეგმები ხორციელდება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გავამართლოთ არა ასეთი ადამიანების, არამედ ჩვენი საზოგადოების მოლოდინები. ჩვენი საზოგადოების ინტერესებშია ეკონომიკა სწრაფად გაიზარდოს, შეიქმნას დამატებით ახალი სამუშაო ადგილები, გაიზარდოს დასაქმებულების შრომის ანაზღაურება, გვქონდეს ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი დონე. ყველა მიმართულებით ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური პროგრესი გაგრძელდეს.
მადლობა მინდა გადავუხადო ეკონომიკურ გუნდს იმ შედეგისთვის, რომელიც გაქვს 2025 წლის პირველ კვარტალში. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ეკონომიკურ გუნდთან ერთად, ამ ყველაფერში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ჩვენს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ უწყებებს. მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობის გარეშე, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ვერავითარი ეკონომიკური წინსვლა. ამ კუთხით, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის შსს-ს, მინისტრს ვახტანგ გომელაურს. გახსოვთ, რა პროცესები გამოვიარეთ ჩვენ გასული თვეების განმავლობაში, რომ არა უმაღლეს მოწოდების სიმაღლეზე შსს-ის, მინისტრის, თითოეული პოლიციელის დგომა, ჩვენ ვერ შევინარჩუნებდით სტაბილურობას და არ გვექნებოდა ასეთი ეკონომიკური ზრდის მონაცემები. ჩვენი პასუხისმგებლობაა საზოგადოების წინაშე, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
