ოპოზიციას შეეძლო გაეკეთებინა იგივე და შეეძლოთ მოეტანათ დროშები, თუმცა ეს არ გააკეთეს. რატომ? – იმიტომ, რომ მათ ჩამოსტიროდათ ცხვირ-პირი დღეს, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროკავშირის დროშები მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მაგიდებზე იყო განთავსებული.
მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობის და ფრაქციის ეკუთვნის, მსგავსი ოპოზიციას შეეძლო გაეკეთებინა.
„ეს გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობამ, ჩვენმა ფრაქციამ და საპარლამენტო უმრავლესობამ. ეს ჩვენი პოლიტიკური აქტი იყო. ოპოზიციას შეეძლო გაეკეთებინა იგივე, შეეძლოთ მოეტანათ დროშები, თუმცა ეს არ გააკეთეს. რატომ? – იმიტომ, რომ მათ ჩამოსტიროდათ ცხვირ-პირი დღეს. ზოგადად მე ვურჩევ ოპოზიციას, რომ არ ჩამოყარონ ყურები, თუ არ უმართლებთ პოლიტიკაში, შეიძლება სხვა საქმეში გაუმართლოთ“, – აღნიშნა კობახიძემ.
ცნობისთვის, „ლელოს“ დეპუტატის სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროკავშირის დროშები მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მაგიდებზე განათავსეს.
სამადაშვილი აღნიშნულის შესახებ საკუთარ „ფეისბუქზე“ წერს და ფაქტის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.