ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის გულწრფელობაში ეჭვი გვეპარება, მაგრამ დემოკრატიაა და გამართონ ნებისმიერი მარში – რაც შეეხება ევროკავშირის საელჩოს ღონისძიებას, რადგან პროტოკოლი დაარღვიეს, ჩვენ იქ არ ვიქნებით

რაღაც მარშია ოპოზიციის მხრიდან დაგეგმილი ევროპის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში დემოკრატიაა, შეუძლიათ გამართონ ნებისმიერი მარში, ამასთან დაკავშირებით რა შეფასება შეიძლება გაკეთდეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, მას ოპოზიციის გულწრფელობაში ეჭვი ეპარება.
„მათ გულწრფელობაში ეჭვი გვეპარება. თქვენ გახსოვთ, ზუსტად ეს ოპოზიცია იყო, რომელიც პირდაპირ უპირისპირდებოდა საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას, ისინი პირდაპირ აგიტაციას აწარმოებდნენ იმის წინააღმდეგ, რომ საქართველოს 2022 წელს და შემდეგ, მოგვიანებით მიეღო კანდიდატის სტატუსი, მათ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ბოიკოტი გამოუცხადეს იმ სამუშაო ჯგუფებს, რომელთა მუშაობის შედეგად, ჩვენ უკვე 2023 წელს კანდიდატის სტატუსი უნდა მიგვეღო. ამიტომ ამ ადამიანების გულწრფელობაში რა თქმა უნდა, ეჭვი გვეპარება, მაგრამ დემოკრატიაა და გამართონ ნებისმიერი მარში“, – განაცხადა მ.
კითხვაზე, დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, აპირებს თუ არა, ევროკავშირის საელჩოს ღონისძიებაზე წასვლას, პრემიერმა უარყოფითი პასუხი გასცა.
„იქიდან გამომდინარე, რომ პროტოკოლი არ არის დაცული, ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, მონაწილეობა მივიღოთ, რომ დაეცვათ პროტოკოლი, რა თქმა უნდა, აუცილებლად მივიღებდით მონაწილეობას“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, საელჩომ პროტოკოლი დაარღვია.
„პროტოკოლია, როცა კონკრეტული საელჩო გეგმავს ღონისძიებას, ამ შემთხვევაში, მათ უნდა გამოგზავნონ მოსაწვევი მთავრობის მისამართზე. რადგან ეს პროტოკოლი დაარღვიეს და გააგრძელეს ის საბჭოური მიდგომა, რომელსაც კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკები ავლენენ, დაირღვა პროტოკოლი, შესაბამისად, ჩვენ არ ვიქნებით იქ. ეს არის მათი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა საბჭოური მიდგომებით”.