ოპოზიციას არც არჩევნების მოგების რესურსი აქვს, შესაბამისად, არც ქუჩის რესურსი. არჩევნების მოგებასაც და ქუჩასაც სჭირდება ერთი და იგივე რესურსი, ეს არის ხალხის მხარდაჭერა , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციურ პარტიებს ისევე, როგორც მათ ლიდერებს, არ აქვთ ღირსება იმისათვის, რომ არჩევნებში დამარცხებას შეეგუონ.
კობახიძის თქმით, ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის სხვაობა იქნება მასშტაბური.
“ოპოზიციის მარცხს ვნახავთ 3 საათში. მათ არ ეყოფათ ღირსება იმისათვის, რომ არჩევნების შედეგები აღიარონ. არცერთ პარტიას და პარტიის ლიდერს არ აქვს ღირსება, შესაბამისად, მათ ძალიან გაუჭირდებათ არჩევნებში მარცხს შეეგუონ, თან ამხელა მარცხს. ძალიან მასშტაბურ მარცხზე მაქვს საუბარი. შეგნებულად არ ვასახელებ ციფრებს. “ქართულ ოცნებასა” და “კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას” შორის სხვაობა იქნება მასშტაბური. რა თქმა უნდა, მათ გაუჭირდებათ შეეგუონ ამ მარცხს, საკუთარი ღირსების დეფიციტი არ მისცემს მათ ამის საშუალებას. თუმცა, მათი გადასაწყვეტი არ არის როგორ გაგრძელდება პროცესები. მართ, არც არჩევნების მოგების რესურსი აქვთ, შესაბამისად, არც ქუჩის რესურსი. არჩევნების მოგებასაც და ქუჩასაც სჭირდება ერთი და იგივე რესურსი. ეს არის ხალხის მხარდაჭერა. დღეს, ქართველი ხალხი საარჩევნო უბნებზე ასე მობილიზებულად იმიტომ გამოვიდა, რომ მათთვის მიუღებელია ის ამორალური სახეები, რომლებიც დღეს რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენენ. შესაბამისად, მათ არც არჩევნების მოგების რესურსი აქვთ და არც ქუჩის რესურსი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.