ბევრად მეტი მოძალადის იდენტიფიცირება არის უკვე განხორციელებული. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც 4 ოქტომბრის მოვლენებისას დაკავებულთა რიცხვის შესაძლო ზრდას შეეხებოდა.
როგორც მან აღნიშნა, გამოძიება ყველა მიმართულებით ბოლომდე იქნება მიყვანილი.
„რა თქმა უნდა, ეს რაოდენობა ლოგიკურად გაიზრდება. ჩვენ გავაფრთხილეთ ყველა, რომ გვაქვს იდენტიფიცირების ბევრად უფრო ფართო შესაძლებლობები. წინა შემთხვევაში, გასული წლის ნოემბერ – დეკემბერში მოხერხდა მხოლოდ მოძალადეების 3 %-ის იდენტიფიცირება, მაშინ როდესაც 5 დღის განმავლობაში გრძელდებოდა ძალადობრივი პროცესები. ახლა ხედავთ, რომ ბევრად მაღალია უკვე მაჩვენებელი და, რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ბევრად მეტი მოძალადის იდენტიფიცირება არის უკვე განხორციელებული. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ეს არის პრევენციისთვის მნიშვნელოვანი. ესენი არიან უსინდისო მოძალადეები, რომელთა ადგილიც არის იქ, სადაც უნდა იყოს. შესაბამისად, ბოლომდე მივიყვანთ გამოძიებას ყველა მიმართულებით.
რაც შეეხება თავად 4 ოქტომბრის მოვლენებს და იმას თუ რა საფრთხე აიცილა ქვეყანამ, ერთი შეხედვით, მარტივად ჩაიარა ყველაფერმა და ასეც მოხდა 4 ოქტომბრისთვის. ჩვენი მხრიდან ვითარება ისე იყო შემზადებული, პრევენციული ზომები იყო მიღებული, რომ საბოლოოდ, საპოლიციო ძალებს გაუმარტივდათ რეაგირება იმ ძალადობაზე, რომელიც განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე და პოლიციელების მიმართ. თუმცა რეალურად იყო გეგმები, ამბიციური გეგმები, რადიკალური ოპოზიციის მხარეს. მიზანი იყო გაცხადებული, ეს იყო ხელისუფლების დამხობა. ნახეთ, რომ 5-7 ათასი ადამიანი, რადიკალი იყო მისული ხელისუფლების დამხობის აქციაზე. მათ ჰქონდათ კონკრეტული გეგმები, მათ შორის, დაგეგმილი იყო სხვა ლოკაციებზე გადანაცვლება, მას შემდეგ რაც აიღებდნენ პრეზიდენტის სასახლეს და ა.შ. ასეთი იყო მათი გეგმა, თუმცა ჩვენ ჯერ პრევენციულმა ზომებმა მოგვცა იმის საშუალება, რომ თავიდან აგვეცილებინა მათი სცენარის რეალიზება და შემდეგ უშუალოდ საპოლიციოო ძალებმა იმოქმედეს უაღრესად ეფექტიანად. საბოლოოდ, თავიდან ავიცილეთ რევოლუციის მე-5 მცდელობა ამ 4 წლის განმავლობაში. დაგეგმილი იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში ძალადობრივი რევოლუციის გზით, თუმცა ეს სცენარი ჩავარდა, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის პრესსპიკერმა, კიდევ ერთხელ, ღიად გამოხატა მხარდაჭერა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ რევოლუციის მიმართ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
