ირაკლი კობახიძე მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც, 11-13 თებერვალს, არაბთა გაერთიანებული საამიროები ქალაქ დუბაიში მასპინძლობს.
მთარობის ადმინისტრაციის ცნობით, კობახიძე სამიტის მონაწილეებს 11 თებერვალს სიტყვით მიმართავს.
“2025 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტის მთავარი თემაა “მომავლის მთავრობების ჩამოყალიბება“ და მას 6 ათასზე მეტი მონაწილე ჰყავს. სამიტი, საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობისა და გამოწვევებთან გამკლავების ინოვაციურ გზებზე მსჯელობისთვის თავს უყრის მთელი მსოფლიოდან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს. მათ შორის არიან მთავრობების მეთაურები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის ხელმძღვანელი პირები, ასევე წამყვანი ექსპერტები.
2025 წლის სამიტში 30-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, 80-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია და 140 ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია მონაწილეობს. რიგით მე-12 სამიტის პროგრამა ფოკუსირებულია 6 ძირითად თემატურ მიმართულებაზე: ეფექტური მართვა და ანგარიშვალდებულება; მომავლისა და გლობალური ეკონომიკის დაფინანსება; კლიმატი და მდგრადი ქალაქები; ადამიანზე ორიენტირებული მომავალი და შესაძლებლობების განვითარება; გლობალური ჯანმრთელობის ტრანსფორმაცია; განვითარებადი ტენდენციები და მომავალი” – წერია მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ განცხადებაში.