ჩვენ მივესალმებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმების გაფორმებას. ყველანაირად ვცდილობდით, რომ რა რესურსიც გვქონდა, ხელი შეგვეწყო ასეთი შეთანხმების გაფორმებისთვის. რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ტრამპს უნდა გადავუხადოთ მადლობა, სწორედ მისი ლიდერობით იქნა უზრუნველყოფილი ამ ხელშეკრულების ხელმოწერა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის განმტკიცებას.
რაც შეეხება საქართველოს როლს, კობახიძის თქმით, „საქართველოს უკავია ცენტრალური ადგილი ჩვენს რეგიონში“.
„მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს მეგობარ და მეზობელ სახელმწიფოებს, აზერბაიჯანსა და სომხეთს, მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მთლიანობაში, ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს ჩვენს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის განმტკიცებას. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ბუნებრივია, ჩვენ მივესალმებით ამ შეთანხმების გაფორმებას. ყველანაირად ვცდილობდით, რომ რა რესურსიც გვქონდა, ხელი შეგვეწყო ასეთი შეთანხმების გაფორმებისთვის. რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ტრამპს უნდა გადავუხადოთ მადლობა, სწორედ მისი ლიდერობით იქნა უზრუნველყოფილი ამ ხელშეკრულების ხელმოწერა. საბოლოოდ, ჩვენთვის პრინციპული რაცაა ესაა, რომ განმტკიცდეს ჩვენი დამოუკიდებლობა. იგივე მიდგომა აქვს ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებსაც – მაქსიმალური თავისუფლება, მაქსიმალური დამოუკიდებლობა. ეს ხელს შეუწყობს როგორც მშვიდობის განმტკიცებას, ისე კეთილდღეობის განმტკიცებას ჩვენს რეგიონში.
საქართველოს უკავია ცენტრალური ადგილი ჩვენს რეგიონში. როგორც მოგეხსენებათ, გასული 30 წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან მძიმე კონფლიქტი ჩვენ ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის, უზრუნველვყოფდით მაქსიმალურად მშვიდობის განმტკიცებას, ეს იყო ჩვენი როლი. ამას აფასებენ ჩვენი მეგობრები, მეზობლები, როგორც აზერბაიჯანი, ისე სომხეთი. მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან ერთად, უზრუნველვყოთ ჩვენი რეგიონის მასშტაბით მშვიდობის კონსოლიდაცია და კეთილდღეობის განმტკიცება. ეს არის ბუნებრივია ჩვენი მისია იმ რეგიონში, რომელშიც საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის” შექმნის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
