საფრანგეთის ელჩმა, პირველ რიგში, საკუთარ ქვეყანას უნდა მიხედოს – მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში არაერთი მანკიერება ვიხილეთ, დღეს ურეიტინგო ხელისუფლება ჰყავთ. არ ვსაუბრობთ ამ თემებზე, ნურც ისინი ჩაერევიან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაში, – ასე გამოეხმაურა პრემიერი, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საქართველოში საფრანგეთის ელჩის განცხადებებს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველამ უნდა სცეს პატივი სხვა ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.
„საფრანგეთის ელჩმა, პირველ რიგში, საკუთარ ქვეყანას უნდა მიხედოს. თქვენ ხედავთ, რა ხდება საფრანგეთში: ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატია, რომელსაც აქვს გამარჯვების სერიოზული შანსები და მას აღუკვეთეს არჩევნებში მონაწილეობა, ამ დროს ჩვენთან მიმართებაში შენიშვნები აქვთ ისეთ საკითხებზე, რაც არავითარ შენიშვნას არ იმსახურებს.
თავად საკუთარ საქმეებს მიხედონ. ჩვენ არ ვაკეთებთ განცხადებებს იმის შესახებ, თუ რა ხდება საფრანგეთში. ყველამ უნდა სცეს პატივი სხვა ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, არავინ უნდა ჩაერიოს სხვა ქვეყნის საქმეებში, მით უმეტეს, როდესაც ამას აკეთებს დიპლომატი, ელჩი, ეს არის ვენის კონვენციის პირდაპირი დარღვევა.
ჩვენი ელჩები ასეთ რაიმეს არ აკეთებენ. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში არაერთი მანკიერება ვიხილეთ ამ წლების განმავლობაში, დღეს ურეიტინგო ხელისუფლება ჰყავს საფრანგეთს. ამის მიუხედავად არ ვსაუბრობთ ამ თემებზე, ნურც ისინი ჩაერევიან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაში, მით უმეტეს, ნუ გააკეთებენ ამას ვენის კონვენციის უხეში დარღვევით“, -აღნიშნა პრემიერმა.
კობახიძე ასევე, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ამ მხრივ „რაიმე ცვლილებას არ უნდა ველოდოთ“.
„ეს კონკრეტული კაცი იმდენად არასერიოზულია, რომ მასზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, ვფიქრობ, რომ აქ რაიმე ცვლილებას არ უნდა ველოდოთ. ეს არის „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი დავალების შემსრულებელი, რომელიც თავისი აზრით, დამაშინებელ გზავნილებს ახმოვანებს ხოლმე. თუმცა ამით საზოგადოება არცერთი გასული წლის განმავლობაში არ შეშინებულია და არც მოგვიანებით შეშინდება. თავის საკუთარ ქვეყანას უნდა მიხედოს“, – განაცხადა კობახიძემ.
