ვიდრე ამაზე [„კლანებს“ შორის დაპირისპირებაზე] მიდის საუბარი, ამასობაში შემოეშალათ ხელში მთელი ოპოზიცია, თავისი პარტიების ჩათვლით. „ლელო“ იშლება, „ნაცმოძრაობა“ იშლება, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან დასმული იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც “ქართულ ოცნებაში“ „კლანებს“ შორის არსებულ დაპირისპირებას“ ეხებოდა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს ხელისუფლებას წარმოადგენს კონკრეტული გუნდი და თავად არის პასუხისმგებელი, რომ თითოეული მინისტრი კეთილსინდისიერად მოქმედებდეს.
„ვიდრე ამაზე [„კლანებს“ შორის დაპირისპირებაზე] მიდის საუბარი, ამასობაში ხელში შემოეშალათ მთელი ოპოზიცია, თავისი პარტიების ჩათვლით, იქ „ლელო“ იშლება, „ნაცმოძრაობა“ იშლება და ა.შ. დღეს, ხელისუფლებას წარმოადგენს კონკრეტული გუნდი კონკრეტული ადამიანებით, მე პირადად ვარ პასუხისმგებელი სამთავრობო გუნდზე. მე ვარ პირადად პასუხისმგებელი იმაზე, რომ თითოეული მინისტრი, რომელიც დღეს მუშაობს მთავრობაში, იმოქმედებს კეთილსინდისიერად და მაღალი პროფესიონალიზმით. პასუხისმგებელი ვარ შესაბამის საკადრო გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე. როცა კითხვებს სვამთ მხოლოდ წარსულთან დაკავშირებით, ეს მე მიმტკიცებს რწმენას იმაზე, რომ დღევანდელ დღესა და მთავრობის დღევანდელ საქმიანობაზე თქვენ კითხვები არ გაქვთ,“- განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, კითხვაზე, თუ სად იმყოფება ახლა ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი და ჰქონდა თუ არა მასთან კომუნიკაცია, პრემიერი განმარტავს, რომ მისთვის უცნობია, თუ სად იმყოფება ახლა ყოფილი პრემიერი.
„შეიძლება, 2 კვირის წინ მქონდა [კომუნიკაცია] და იმის შემდეგ სხვაგან წავიდა. მე საიდან უნდა ვიცოდე [სად იმყოფება]. არ ვიცი – ეს არის ერთადერთი პასუხი, რაც მაქვს“, – აღნიშნა პრემიერმა.
ამასთან, კობახიძის განცხადებით, თებერვლიდან დაწყებული, როდესაც დაიკავა მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა, „უამრავი საკადრო ცვლილება განხორციელდა როგორც მინისტრების, ასევე მინისტრის მოადგილეების და უფრო დაბალ დონეზე, რაც, მათ შორის ემსახურებოდა კორუფციის რისკების დაზღვევას“.
პრემიერის შეფასებით, კორუფციასთან ბრძოლა მხოლოდ ვიღაცის დაჭერა არ არის.
„თებერვლიდან დაწყებული, როდესაც დავიკავე მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა, უამრავი საკადრო ცვლილება განხორციელდა მოწყვლად სფეროებში. იყო ბევრი ცვლილება, როგორც მინისტრების, ასევე მინისტრის მოადგილეების და უფრო დაბალ დონეზე. სხვადასხვა დონეზე იყო საკადრო ცვლილებები, რაც, მათ შორის, ემსახურებოდა კორუფციის რისკების დაზღვევას. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, უკვე 8 თებერვლიდან, მთავრობის ყველა გადაწყვეტილება, ყველა სამართლებრივი აქტი არის სრულიად ღია და საჯარო. ესეც არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დამზღვევი ზომა, რომელიც იქნა მიღებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. მთლიანად აღიკვეთა პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა. ესეც იყო ანტიკორუფციული ზომა. ასევე, 700 მილიონის წლიური დანაზოგი გვაქვს მარტო სახელმწიფო საწარმოებში, რკინიგზა, ენერგეტიკა და სხვა, არა მარტო კადრების ოპტიმიზაციით, არამედ ხარჯების ოპტიმიზაცია განხორციელდა“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, კორუფციასთან ბრძოლის პროცესში მთავრობა მიჰყვება იმ ძალიან მნიშვნელოვან განცხადებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 2 წლის წინ გააკეთა.
„ყველა მიმართულებით, არა მარტო ვებრძვით კორუფციას, არამედ პრევენციულ ზომებს ვიღებთ. მათ შორის, საკადრო და ყველა მიმართულებით ვიღებთ ზომებს, რომ არა მხოლოდ წარსულში ჩადენილ შესაძლო ქმედებებს ჩავეძიოთ, არამედ, პირველ რიგში, დღეს და ხვალ არ მოხდეს კორუფციული დანაშაული. ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს. ჩვენთვის ბიძინა ივანიშვილის რჩევები კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არის უკიდურესად ღირებული და მომავალშიც მოხარული ვიქნებით, თუ მივიღებთ რჩევებს ამ მიმართულებით. არა მხოლოდ წარსულ დანაშაულებს ვეძიებით, არამედ, პირველ რიგში, დღეს და ხვალ უზრუნველვყოფთ იმას, რომ კორუფცია არ არის სამთავრობო სტრუქტურებში, სამთავრობო სისტემაში. ამას უზრუნველყოფს გამჭვირვალობა, კონკრეტული საკადრო გადაწყვეტილებები, კონკრეტული რეფორმები, რომლებიც განხორციელდა, არა მარტო სახელმწიფო საწარმოებში, არამედ უშუალოდ სამინისტროების სისტემაში. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს ჩვენი მიზნის მიღწევას. მიზანი არის ძალიან ამბიციური, ეს არ არის იოლი მიზანი, ამბიციური მიზანია, ევროპის სამეულში გვინდა დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ეს არის დაპირება, რასაც გუნდი ვაძლევთ ქართულ საზოგადოებას და ბოლომდე მივყვებით ამ დაპირების შესრულებას“, – განაცხადა კობახიძემ.
