თბილისის შემთხვევაში, ჩვენი ამოცანაა პირველივე ტურში არჩევნების მოგება – [თბილისის მერობის საერთო კანდიდატობის] რა გვარებიც ისმის, ერთი – ერთზე კახა კალაძე, მინიმუმ, 60%-ს აიღებს თითოეულ მათგანთან მიმართებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციას „არავითარი შანსი არ აქვს“.
„თქვენ ხედავთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება კონკურენტულ გარემოში. [დარეგისტრირებული] არის რამდენიმე შედარებით მსხვილი ოპოზიციური პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას იღებს. არიან შედარებით მცირე პარტიები. ჩვენ ვართ მთლიანად კონცენტრირებულები საკუთარ საარჩევნო ამოცანებზე. ჩვენ გვაქვს ერთადერთი მიზანი და ამოცანა, ეს არის 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება. ხედავთ როგორი სპექტრია, როგორია მათი პოზიციები?! ჩვენ ვართ აბსოლუტურად დარწმუნებულები, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ მერისა და საკრებულოს არჩევნებს.
რაც შეეხება „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატებს, რა გვარებიც ისმის, იმის გათვალისწინებით, ერთი – ერთზე რომ ავიღოთ, კახა კალაძე, მინიმუმ, 60%-ს აიღებს თითოეულ მათგანთან მიმართებით. არავითარი შანსი არ აქვს ოპოზიციას. თბილისის შემთხვევაში ჩვენი ამოცანაა პირველივე ტურში არჩევნების მოგება და ვფიქრობ, რომ ეს არის აბსოლუტურად რეალური, ყველაფრის გათვალისწინებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
