ირაკლი კობახიძე ეხმაურება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას და თეა წულუკიანის განცხადებას PACE-ს დატოვების შესახებ. ის აცხადებს, რომ თუ „შეიცვლება დამოკიდებულება” ასამბლეაში დაბრუნდებიან, თუმცა მანამდე, იქ მუშაობის გაგრძელების „აზრს ვერ ხედავენ”.
„ასეთი აბსურდული გადაწყვეტილებები აჩვენებს, რომ მძიმე ვითარებაა ევროპულ ბიუროკრატიებში. საბოლო ჯამში, ეს არსებითად ვერ ცვლის საერთო ვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რაც გამოაცხადა ქალბატონმა თეა წულუკიანმა. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად უალტერნატივო. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში ჩვენი დელეგაცია არ აპირებს მუშაობის გაგრძელებას საპარლამენტო ასამბლეაში და მოხდება ამ დელეგაციის გამოწვევა. თუ შეიცვლება დამოკიდებულება ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის მიმართ, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ დავბრუნდებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, თუმც ასეთ ვითარებაში, რასაც დრეს ვხედავთ, რა თქმა უნდა, იქ მუშაობს არავითარი აზრი არ აქვს.
ეს არის მხოლოდ საპარლამენტო ასამბლეა, რაც არის იმაზე ბევრად მეათე ხარისხოვანი ორგანო, ვიდრე, თუნდაც, ევროპარლამენტი – თქვენ იცით, რომ ევროპარლამენტსაც არ აქვს რაიმე არსებითი დატვირთვა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის ევროპარლამენტზე ათჯერ ნაკლები მნიშვნელობის ორგანო. ევროსაბჭოს წევრად, ბუნებრივია, რჩება ჩვენი ქვეყანა”, – განაცხადა კობახიძემ.
PACE-მა საქართველოზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა – რეზოლუციაში საუბარია, რომ ევროპის საბჭომ საქართველოს დელეგაცია უნდა აღიაროს, თუმცა პირობებით, რომ:
- მომდევნო თვეებში მოხდება ახალი, რეალურად დემოკრატიული არჩევნების ორგანიზება, რომელიც ჩატარდება მკაცრი საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ და სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკური დამოუკიდებლობის პირობებით; ამასთან, 2025 წლის აპრილამდე გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი.
რეზოლუციის მიღების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ” მიიღო გადაწყვეტილება PACE-ში მუშაობის შეწყვეტის შესახებ. როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, უფლებამოსილების ცნობის მიუხედავად, დათქმები მათთვის იყო „უსამართლო და საფუძველს მოკლებული”, რის გამოც ასამბლეიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღეს.