თბილისსა და ქუთაისშიც უნდა იყოს უზრუნველყოფილი ყველა სპეციალობის დაფარვა. არ არის გათვალისწინებული თბილისიდან რომელიმე ფაკულტეტის გადატანა. თბილისმა უნდა დაფაროს ყველა სპეციალობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
როგორც მან აღნიშნა, რეგიონულ უნივერსიტეტები უნდა იყოს უფრო მეტად პროფილური.
„რაც შეეხება თბილისსა და ქუთაის შორის სტუდენტების რაოდენობის გადანაწილებას, ვფიქრობთ, რომ თბილისი კვლავაც უნდა დარჩეს ძირითად კერად და დაახლოებით, უხეშად პროპორცია უნდა იყოს 2/1-ზე. ეს არის ჩვენი წარმოდგენა. მაგალითად, შეიძლება თბილისში სწავლობდეს 60 ათასი სტუდენტი, ქუთაისში 30 ათასი სტუდენტი, დაახლოებით 15 ათასი სტუდენტი რეგიონებში, ეს არის უხეში დათვლა, ვერ ვაზუსტებთ, იმიტომ, რომ ჩაღრმავება სჭირდება. დაახლოებით ასე წარმოგვიდგენია 2/1-ზე პროპორცია. აქ არის საუბარი იმაზე, რომ თბილისშიც და ქუთაისშიც უნდა იყოს უზრუნველყოფილი ყველა სპეციალობის დაფარვა. ანუ ფიზიკის ფაკულტეტი უნდა იყოს თბილისშიც და ქუთაისშიც. არ არის გათვალისწინებული თბილისიდან რომელიმე ფაკულტეტის გადატანა. თბილისმა უნდა დაფაროს ყველა სპეციალობა. ანალოგიურად ქუთაისმაც უნდა დაფაროს ყველა სპეციალობა. რაც შეეხება სხვა რეგიონულ უნივერსიტეტებს, ჩვენი ხედვის თანახმად, ეს უნივერსიტეტები უნდა იყოს უფრო მეტად პროფილური და უნდა იყოს აქცენტი გაკეთებული აგრარულ, პედაგოგიურ მიმართულებაზე და ა.შ. რეგიონების სპეციფიკიდან გამომდინარე“, – განახადა კობახიძემ.
ამასთან, მისივე თქმით, საგრანტო მოდელი უნდა გადაიხედოს.
„არის ძალიან უხეში სისტემა – წლების განმავლობაში მოქმედებს საგრანტო დაფინანსების მოდელი ერთ სტუდენტზე 2250 ლარი, ეს თანხაც კი არ შეცვლილა, არც ინფლაციას მიჰყვება, არც არაფერს, არის უბრალოდ მოჭრილი უხეში დაფინანსება. ვფიქრობთ, ეს მიდგომაც უნდა გადაიხედოს, უნდა შეფასდეს, რა მიმართულებით რა საჭიროება არსებობს, მათ შორის კონკრეტული სპეციალობების კონკრეტული საჭიროებებიც უნდა განისაზღვროს. მაგალითად, ექიმის მომზადებას შეიძლება, დასჭირდეს მეტი თანხა, ვიდრე იურისტის მომზადებას, ამასაც კი არ ითვალისწინებს დღევანდელი მოდელი. ეს ყველაფერი უნდა გადაიხედოს და ეს საგრანტო უხეში მოდელი, რომელიც არის მარტივად მოჭრილად ერთ სტუდენტზე გათვლილი, ვფიქრობთ, რომ უნდა ჩანაცვლდეს დაკვეთაზე დაფუძნებული სისტემით, რომელიც ბევრ კომპონენტს გაითვალისწინებს ერთობლივად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გარდა ამისა, როგორც კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური აცდენაა სტუდენტების გამოშვების მაჩვენებელსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის.
„ტექნოლოგიების, ტექნიკური მეცნიერებების ნაწილში ძალიან დიდი ჩამორჩენაა, სამართალსა და ეკონომიკაში არის ძალიან დიდი სიჭარბე. შესაბამისად, ხდება რა – იურისტებს უშვებს უნივერსიტეტები, სისტემა, მაგრამ მათი უდიდესი ნაწილი იმის გამო, რომ ბაზარზე მოთხოვნა არ არის, საქმდება სრულიად სხვა მიმართულებით. ეს, ბუნებრივია, უნდა შეიცვალოს, ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობაც. არ შეიძლება, წინასწარ გაწირო სტუდენტი დაუსაქმებლობისთვის. არ შეიძლება, მოამზადო იურისტად და მერე დაახვედრო შრომის ბაზარი, სადაც ამდენ იურისტზე მოთხოვნა არ არის. ამიტომ, ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არის შრომის ბაზრის ანალიზი, ვფიქრობთ, სიღრმისეული ანალიზი უნდა განხორციელდეს, რაზეც მუშაობა დაწყებულია. ამაში არის არსებითად ჩართული ორი სამინისტრო – განათლების სამინისტრო და ეკონომიკის სამინისტრო. ვთანამშრომლობთ, ასევე ბიზნესასოციაციასთან. როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში არსებითად არის ორი დამსაქმებელი, ესენია – საჯარო სექტორი და კერძო სექტორი. ამიტომ, თუ საჯარო და კერძო სექტორი ერთად გავაანალიზებთ შრომის ბაზრის მოთხოვნებს, ბუნებრივია, გავალთ ოპტიმალურ მაჩვენებლებზე. სწორედ, ამას უნდა დაეფუძნოს მომავალში სტუდენტების მიღება სხვადასხვა სპეციალობაზე“, – განაცხადა პრემიერმა.




