ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ემიგრანტები არ კარგავენ ემოციურ კავშირს საქართველოსთან. სამშობლოს განცდა, მისი სიხარულისა და წარმატების გაზიარება ყველაზე კარგი ნიშანია, რომ ჩვენს ქვეყანას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში თავდადებული ელჩები ჰყავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ქართული დიასპორა უმნიშვნელოვანესი რგოლია ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე, საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად, ქვეყნის კულტურისა და ინტელექტუალური პოტენციალის წარმოსაჩენად.
„მინდა, მადლობა გადავუხადო საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, ქართულ სათვისტომოებს, მართლმადიდებლურ სამრევლოებსა და ქართულ ფოლკლორულ ანსამბლებს იმ საქმის ერთგულებისთვის, რომელიც ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის, ქართული ტრადიციების შენარჩუნებას ემსახურება. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მართლმადიდებელი ეკლესიის როლი ჩვენი დიასპორის სამშობლოსთან კავშირის გაღრმავებაზე, შენარჩუნებაზე. მინდა, მადლობა გადავუხადო ეკლესიის წარმომადგენლებს, ეპარქიებს, საზღვარგარეთ მოღვაწე ეპარქიებს, თითოეულ სასულიერო პირს, რომლებიც სწორედ ამ ძვირფას საქმეს ემსახურებიან.
მინდა, მადლობა გადავუხადო იმ წარმატებულ ქართველ პროფესიონალებს, რომლებმაც შეძლეს და პროფესიულ სიმაღლეებს მიაღწიეს, რითაც მნიშვნელოვან სამსახურს უწევენ როგორც ადგილსამყოფელ ქვეყნებს, ისე საკუთარ სამშობლოს.
დღეს, როცა რეგიონში და მსოფლიოში ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი ყალიბდება, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა, დაბრუნდნენ საკუთარ სამშობლოში, დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს და ყველამ ერთად შევქმნათ ჩვენი ქვეყნის ნათელი და ღირსეული მომავალი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გარდა ამისა, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს არ აქვს უფლება, რომ ისედაც მცირერიცხოვანმა ერმა, დიასპორას განსაკუთრებული ყურადღება არ დაუთმოს.
„ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ ისედაც მცირერიცხოვანმა ერმა, ჩვენს დიასპორას განსაკუთრებული ყურადღება არ დავუთმოთ. სახელმწიფოს ძალისხმევა მომავალშიც იქნება მიმართული ისეთი პროგრამების განხორციელებისკენ, რომლებიც დიასპორის წარმომადგენელთა ეროვნული და კულტურული იდენტობის შენარჩუნებას და განათლების საკითხებს ეძღვნება. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდობას, ახალგაზრდების მჭიდრო კავშირის შენარჩუნებას სამშობლოსთან, უცხოეთში სასწავლებლად წასულ სტუდენტებს, რომლებმაც უნდა შექმნან ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავალი, – განაცხადა კობახიძემ.
