ვფიქრობ, რომ სათანადო შეფასების პირობებში, „ლელოს“ არაკონსტიტუციურად ცნობას არაფერი დაუდგება წინ, ეს არის ჩემი პოზიცია, თუმცა ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთში ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველას შეუძლია, დაიცვას საკუთარი ინტერესები საკონსტიტუციო სასამართლოში, ამის სამართლებრივი შესაძლებლობა ყველას აქვს.
„ეს პარტია, კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად, რასაც აკეთებდა მთელი ამ წლების განმავლობაში, ვიცით. განსაკუთრებით 2020 წლის შემდეგ, როდესაც ეს ადამიანები აქტიურად შემოვიდნენ პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირი ფორმით ჩაერთნენ პოლიტიკაში. რასაც ისინი აკეთებდნენ, ეს იყო პირდაპირ კონსტიტუციის უხეში დარღვევა, ეს იყო არაკონსტიტუციური ქმედებები. შეგახსენებთ, რომ იყო გამუდმებული საბოტაჟი, რასაც ისინი აწარმოებდნენ ქვეყნის მთავარი კონსტიტუციური ორგანოს, საქართველოს პარლამენტის მიმართ. მათ ორჯერ თქვეს უარი პარლამენტის მანდატებით სარგებლობაზე, ხალხის მიერ მინიჭებული მანდატებით სარგებლობაზე და ისინი იყვნენ ჩართული ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის არაერთ მცდელობაში. ეს ყველაფერი სათანადოდ უნდა შეაფასოს საკონსტიტუციო სასამართლომ. მე ვფიქრობ, რომ სათანადო შეფასების პირობებში, „ლელოს“ არაკონსტიტუციურად ცნობას არაფერი დაუდგება წინ, ეს არის ჩემი პოზიცია, თუმცა ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა გერმანიის ელჩზე და აღნიშნა, რომ „მამუკა ხაზარაძეს არ უნდოდა გაემხილა, რომ მას ჰქონდა მიქირავებული საკუთარი სახლი გერმანიის ელჩზე, რაც პოლიტიკურად და დიპლომატიური კუთხით არის სრულიად არაკორექტული ნაბიჯი“.
„სამწუხაროდ ასეთი რაღაც მოხდა. კარგი იქნებოდა ასეთ ფაქტზე ქმედითი რეაგირება გერმანიის მხრიდან, თუმცა მაინცდამაინც ქმედითი ეს რეაგირება არ იყო. თუმცა ფაქტი ერთია, რომ ჩვენ ვხედავთ არაეთიკურ ქმედებებს კონკრეტული დიპლომატების მხრიდან, რაც მეტყველებს იმ რთულ მდგომარეობაზე, რომელიც დღეს ჩამოყალიბებულია ევროპულ ბიუროკრატიაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




