ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვართ საიმედო პარტნიორები ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის, როდესაც საქმე ეხება, მათ შორის, ეკონომიკურ კავშირებს, ტრანზიტს და ა.შ. – საქართველო საინტერესოა ყველა ქვეყნისთვის დაკავშირებადობის თვალსაზრისით იმ კუთხითაც, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი სავაჭრო ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყანასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ პანელური დისკუსიის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია მშვიდობის განმტკიცებაზე, თანამშრომლობაზე, ეკონომიკური პარტნიორობის განვითარებაზე.
„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ გასული წლების განმავლობაში იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა შეგვენარჩუნებინა. ასევე, მთელი ამ წლების განმავლობაში ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ ჩვენს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაში. ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვართ საიმედო პარტნიორები ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის, როდესაც საქმე ეხება, მათ შორის, ეკონომიკურ კავშირებს, ტრანზიტს და ა.შ. საქართველო ყოველთვის სწორედ ასეთ საიმედო პარტნიორის როლს ასრულებდა ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის.
მოხარული ვართ, რომ პოლიტიკური კუთხით ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ვართ ორიენტირებული ამ თანამშრომლობის განვითარებაზე. ასევე, ცენტრალურ აზია ჩვენთვის არის განსაკუთრებული პრიორიტეტი. ვფიქრობ, ამ კუთხით არის კიდევ უფრო მეტი პოტენციალი, რომ განვითარდეს თანამშრომლობა.
ხაზს გავუსვამ იმას, რომ საქართველო საინტერესოა ყველა ქვეყნისთვის დაკავშირებადობის თვალსაზრისით იმ კუთხითაც, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი სავაჭრო ურთიერთობები მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა ქვეყანასთან. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, ასევე „დესეთეს“ ქვეყნებთან, თურქეთთან, ჩინეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და რა თქმა უნდა, ესეც აძლიერებს ჩვენს პოტენციალს დაკავშირებადობის კუთხით. ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ თანამშრომლობისთვის ყველასთან. ეს არის ჩვენი პოლიტიკა. თავიდან ბოლომდე ორიენტირებული ვართ მშვიდობის განმტკიცებაზე, თანამშრომლობაზე, ეკონომიკური პარტნიორობის განვითარებაზე და რა თქმა უნდა, მომავალშიც ამ სულისკვეთებით ვიმოქმედებთ. რა თქმა უნდა, ყველა მეგობარი ქვეყნის თანამშრომლობის და პარტნიორობის იმედი გვაქვს,“ – განაცხადა კობახიძემ.
