ჩვენ ვნახეთ სახედაკარგული „ნაცი“ „ორკები“, რომლებიც გუშინ ატარებდნენ აქციას, ისტერიულ მდგომარეობაში არიან ეს ადამიანები, სახე აქვთ დაკარგული, – ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებული მოვლენები. კობახიძის თქმით, ხელისუფლება მზად არის, „ამ ადამიანებს ყველანაირი დახმარება გაუწიოს მკურნალობის ჩათვლით, თუ ამ ყველაფერს დაექვემდებარებიან“.
„ტრაგიკულია მათი მდგომარეობა. ჩვეულებრივ, არქიფო სეთურის მრევლი, „ნაცი” “ტიტუშკები“, „ნაცი ორკები“- ეს არის მათი რეალური სახე. ტრაგიკულია მათი მდგომარეობა, ჩვენ მზად ვართ, ამ ადამიანებს ყველანაირი დახმარება გავუწიოთ მკურნალობის ჩათვლით, თუ ამ ყველაფერს დაექვემდებარებიან. მართლა ტრაგიკულია „ნაცი” “ტიტუშკების“ და „ნაცი ორკების“ ქმედება. არ მაინტერესებს თქვენი ვიდეოები. ბექა ოდიშარიასთან ჩვენ თუ ლაპარაკი მოგვინდება, ჩვენ თვითონ დაველაპარაკებით, მაგრამ თქვენ დაელაპარაკეთ თქვენს „ტიტუშკებს“ და თქვენს „ორკებს“. თქვენი პარტიის წარმომადგენელი „ორკები“ და „ტიტუშკები“ გუშინ უსაქციელოდ მოქმედებდნენ, ეს არის თქვენი პარტიის სახე. თქვენ შეაფასეთ „ნაცი” “ორკების“ და „ტიტუშკების“ მოქმედება, დანარჩენს მერე მე შევაფასებ“,-განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, მისაღებია იყო თუ არა მისთვის, „ქართული ოცნების“ წევრის ბექა ოდიშარიას გუშინდელი საქციელი, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ამ კითხვას არ უპასუხებს.
„არ გაგცემთ მაგაზე პასუხს. თქვენ შეაფასეთ „ნაცი“ „ორკების“ და „ნაცი“ „ტიტუშკების“ გუშინდელი სამარცხვინო საქციელი. ჩემი პარტია არის ჩემი საქმე და ის, ვის დაველაპარაკები“,- განაცხადა კობახიძემ.
დამაზუსტებელ კითხვაზე, დაუსჯელი უნდა დარჩეს ბექა ოდიშარიას საქციელი? კობახიძემ უპასუხა: „თქვენი „ნაცი“ “ტიტუშკები “დაუსჯელი უნდა დარჩნენ?“
„გუშინ ვინც სამარცხვინოდ მოიქცა, ვინ წავიდა ციხეში იქიდან? ფურთხება, ძალადობა, უსაქციელობა, ეს არის „ნაცი“ „ტიტუშკების“ და „ნაცი „ორკების ხელწერა. თქვენ იფურთხებოდით, მათ შორის 28 ნოემბრიდან. ვინც იფურთხებოდა, ქვებს, ასაფეთქებლებს ისროდა და ასე შემდეგ, ახლა იმათ აცხადებთ „სინდისის პატიმრად“. თქვენ ხართ სამარცხვინო პარტია. თქვენი ტელევიზია არის სამარცხვინო იმიტომ, რომ არის სამარცხვინო პარტიის ტელევიზია“,- განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტს.
ცნობისთვის, გუშინ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რომლებიც თბილისის მერის და მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ, ხმაურისა და შეძახილების ფონზე მოუწიათ ღონისძიების დატოვება. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „მონებო, მონებო!“, „რუსებო, რუსებო!“. ღონისძიების დასრულების შემდეგ, ხმაურის და შეძახილების ფონზე მოუწიათ გასვლა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს, თბილისის მერს, კახა კალაძეს, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს, დეპუტატებსა და მინისტრებს. იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც „ქართული ოცნების“ წევრ ბექა ოდიშარიასა და აქციის მონაწილეებს შორის.
