ჩვენი გზავნილი არის ის, რომ დღეს სასამართლო არის დამოუკიდებელი და ყველაფერს გავაკეთებთ სასამართლოს დამოუკიდებლობის დასაცავად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც დიდი ბრიტანეთის მიერ ორი ქართველი მოსამართლის – ლევან მურუსიძისა და მიხეილ ჩინჩალაძის დასანქცირებას გამოეხმაურა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს ვინც მოქმედებს ბრიტანეთის სახელით, ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ხელყოფის მიზნით, იგივე ძალა 2012 წლამდე ბოლომდე მფარველობდა იმ სიმახინჯეს, რაც საქართველოს მართლმსაჯულებაში მოქმედებდა.
„შემიძლია, შეგახსენოთ რაც ხდებოდა საქართველოში 2012 წლამდე კონკრეტულად მართლმსაჯულების სისტემაში და როგორ შეიცვალა სისტემა 2012 წლის შემდეგ. სტატისტიკაზეც მქონდა საუბარი ორჯერ, სამჯერ, ზოგიერთ შემთხვევაში 20-ჯერაც არის გაუმჯობესებული სტატისტიკა. იგივე სტრასბურგის სასამართლოში, მიუხედავად იმისა, რომ შეცვლილია სამართლებრივი კულტურა, ამაღლებულია სამართლებრივი კულტურა, სამჯერ ნაკლები საქმეები მიდის ქართულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში. ეს არის უტყუარი მტკიცებულება არა მარტო იმისა, რომ რადიკალურად გაუმჯობესდა 2012 წლის შემდეგ ვითარება სასამართლო სისტემაში, არამედ ეს არის მტკიცებულება, რომ დღეს ქართული მართლმსაჯულება ფუნქციონირებს ჯანსაღად. აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ მათ შორის ბრიტანულ სანქციებთან მიმართებითაც, ის ძალები, თუ ის ძალა, ე.წ. დიფ სთეითი იგულისხმება ამ ყველაფერში, რომელიც იწონებდა ათასგვარ მანკიერებასა და სიმახინჯეს ქართულ მართლმსაჯულებაში 2012 წლამდე, დღეს იწუნებს ჯანსაღ სასამართლო სისტემას. აქ არის პირდაპირი ლოგიკა – დღეს ვინც მოქმედებს ბრიტანეთის სახელით, ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ხელყოფის მიზნით, იგივე ძალა 2012 წლამდე ბოლომდე მფარველობდა იმ სიმახინჯეს, რაც საქართველოს მართლმსაჯულებაში მოქმედებდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის სასამართლო დამოუკიდებლობის შემდგომი განმტკიცება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, სასამართლოს დამოუკიდებლობა არის ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი და, შესაბამისად, აქ ვიქნებით მაქსიმალურად პრინციპულები
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან საუბარი გვქონდა ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება საქართველოში სასამართლო სისტემის ფუნქციონირებას და, კონკრეტულად, სასამართლოს დამოუკიდებლობას, სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზენაეს სასამართლოში, მოსამართლეებთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სასამართლოს დამოუკიდებლობა არის ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი და, შესაბამისად, ამ საკითხთან მიმართებაში ხელისუფლება იქნება მაქსიმალურად პრინციპული.
გარდა ამისა, კობახიძემ ისაუბრა უზენაეს სასამართლოში, მოსამართლეებსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე.
„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა უზენაესი სასამართლოს შენობაში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია აქ მოსვლა და მოსამართლეებთან შეხვედრა. ჩვენ გვქონდა საუბარი ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება საქართველოში სასამართლო სისტემის ფუნქციონირებას, სასამართლოს დამოუკიდებლობას. ჩვენთვის სასამართლო დამოუკიდებლობის შემდგომი განმტკიცება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი.
ამ კუთხით, იცით, რომ არის კონკრეტული გამოწვევები, მათ შორის, ეს არის გამოხატული იგივე პირდაპირი ჩარევებით, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. გავიხსენეთ, იგივე, მოსამართლე ჩხიკვაძის საქმე, სხვა ჩარევები ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობაში და ასევე შევეხეთ, რა თქმა უნდა, სანქციებს, რომელიც დაწესდა სხვადასხვა ქვეყნის სტრუქტურების მხრიდან ქართველი მოსამართლეების მიმართ. კიდევ ერთხელ შემიძლია აღვნიშნო ის, რომ ეს ყველაფერი არის ტრაგიკული იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აწესებენ სანქციებს. ჯონ ლოკის ქვეყანაში, ინგლისში, დიდ ბრიტანეთში, აბსოლუტურად გაუგონარი მოვლენაა ე.წ. გონივრული ეჭვის საფუძველზე ისეთი სანქციების დაწესება, რომლებიც თავისი არსით უთანაბრდება სისხლის სამართლებრივ აქციებს. წარმოუდგენელი რამ იქნებოდა ასეთი რამ, დაახლოებით, 10-20 წლის წინ, მით უმეტეს, გასულ საუკუნეში კიდევ უფრო მეტად. რა თქმა უნდა, ასეთ მოვლენებს ჩვენ დავუპირისპირდებით იმით, რომ კიდევ უფრო მეტად განვამტკიცებთ სასამართლოს დამოუკიდებლობას. ამას ალტერნატივა არ აქვს. სასამართლოს დამოუკიდებლობა არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი და, შესაბამისად, აქ ვიქნებით მაქსიმალურად პრინციპულები,“ – განაცხადა პრემიერმა.
