განათლების სამინისტრო აქტიურად იმუშავებს იმისთვის, რომ საზღვარგარეთის ქვეყნებიდან კვალიფიციური კადრების მოზიდვა შევძლოთ – მათ შორის საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანების, რომელთაც აქვთ რესურსი იმისა, რომ ლექცია წაიკითხონ და კიდევ 7, 8, 10 წლის და შეიძლება მეტი ხნის განმავლობაში იმუშაონ, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელმაც უმაღლესი განათლების სფეროში რეფორმის გეგმა წარადგინა.
კობახიძის თქმით, არაერთი მიმართულებაა, სადაც არის კადრების დეფიციტი. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს არის ტექნოლოგიები, ტექნიკური და სხვა მიმართულებები.
“ასეთ დეფიციტურ მიმართულებებზე უცხოელი პედაგოგების მოზიდვა იქნება საჭირო. ამაზეც აქტიურად ვიმუშავებთ.
საკადრო პოლიტიკა არსებითად უნდა გადაიხედოს. კათედრის პრინციპი უნდა დაინერგოს, როდესაც მიმართულებას ჰყავს ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამისი მიმართულებით პროგრამების დახვეწაზე, განვითარებაზე და კვლევითი საქმიანობის აქტიურად წარმოებაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გარდა ამისა, განათლების რეფორმაზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ გაცვლითი პროგრამების შესახებ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ განათლების ახალი რეფორმა გაცვლით პროგრამებს საფრთხეს არ შექმნის.
„რაც შეეხება გაცვლით პროგრამებს, არავითარ შემთხვევაში, ეს რეფორმა გაცვლით პროგრამებს პრობლემას არ შეუქმნის. როდესაც უმაღლესი განათლების სისტემა დაიხვეწება, ეს სტუდენტებს მისცემს უკეთეს შესაძლებლობას, მაქსიმალურად ჩაერთონ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში. ამ რეფორმას პირიქით, ხელშემწყობი ეფექტი ექნება გაცვლითი პროგრამების წარმატებით განხორციელებაზე და ამ პროგრამებში სტუდენტების ჩართულობაზე“,- განაცხადა კობახიძემ.




