მე არქიტექტორი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ეს სიმახინჯე არ ეკადრება ჩვენს ლამაზ დედაქალაქს, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის შესახებ თბილისის მერიის გადაწყვეტილებას შეეხებოდა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყურადღება მიექცევა იმას, რომ „რიყის დოქების“ ნაცვლად განსახორციელებელი პროექტი, ძველი თბილისის გარემოსთან იყოს შერწყმული.
„მე არქიტექტორი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ეს სიმახინჯე არ ეკადრება ჩვენს ლამაზ დედაქალაქს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ იმას, რომ პროექტი, რომელიც განხორციელდება იმ ადგილზე, იყოს ჰარმონიულად შერწყმული ძველი თბილისის გარემოსთან“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, კითხვაზე: ხომ არ იგეგმება მშვიდობის ხიდთან დაკავშირებითაც იგივე, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მსგავსი არაფერი იგეგმება.
„არა, არავითარ შემთხვევაში! აქ საუბარია კონკრეტულ პროექტზე, რომელიც უნდა განხორციელდეს მახინჯი დოქების ადგილზე“, – აღნიშნა მან.
ცნობისთვის, სახელმწიფოს მიერ აუქციონზე არაერთხელ გამოტანილი „რიყის დოქები, 2022 წლის მარტში ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებულმა კომპანია GLOBAL VICTORY TRUST-მა 10 020 000 ლარად იყიდა. ბიზნესმენის კომპანიას 2025 წლის 24 მარტამდე 20 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და აქ ღვინის, ციფრული ხელოვნებისა და ტექნოლოგიების მუზეუმი უნდა გაეხსნა.
თუმცა უკვე 2022 წლის დეკემბერშივე თავად ბიზნესმენმა განაცხადა, რომ ობიექტის 50%-ს ყიდდა, თუმცა ამ დრომდე „რიყის დოქები“ სრულად კვლავ მის მფლობელობაში იყო. 2025 წლის 5 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა „რიყის დოქები“ გაყიდა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით კი მისი მფლობელია შპს „რიყე დომ“ გახდა.
