“ევროპელი სოციალისტების“ პროექტი მისაღებია და აქტუალობას არ კარგავს – ჩვენ მხარს დავუჭერთ ინიციატივას, რომელიც არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას არაელექტრონული პირადობის მოწმობების მქონე ადამიანებსაც ანიჭებს, – ეს განცხადება ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
ამასთან, კობახიძის თქმით, იურიდიულ ძალას ყველა ის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა დაკარგავს, რომელიც გაცემულია 2011 წლამდე – უფრო კონკრეტულად კი, ე.წ. ჩიპიანი პირადობის მოწმობების ამოქმედებამდე.
კობახიძის მონაცემებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისეთი ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც არაელექტრონული პირადობის მოწმობები ექნებათ, 500-1000 კაცი იქნება.
„ევროპელი სოციალისტების“ მიერ იყო ინიცირებული კანონპროექტი აქტუალობას არ კარგავს – კანონპროექტის მიხედვით, ხმის მიცემის უფლება იმ ადამიანებსაც ექნებათ, რომლებსაც ელექტრონული პირადობის მოწმობები არა აქვთ, თუმცა ასეთი პირადობის მოწმობების რაოდენობა მინიმუმამდე დავა – პირობითად, მაქსიმუმ 500-1000 კაცი იქნება, მეტი არა. დღეს შევჯერდით, რომ კონსულტაციები გაგრძელდება.
იურიდიულ ძალას ყველა ის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა დაკარგავს, რომელიც გაცემულია 2011 წლამდე. აქედან გამომდინარე, შფოთვის საფუძველი აღარ არსებობს, მაგრამ დარჩება დაახლოებით 500 კაცი.
არამარტო რელიგიური მოსაზრებების გამო, საქართველოში არის დაახლოებით 150 ადამიანი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ელექტრონულ პირადობის მოწმობას ვერ იღებს. აქ საუბარი არ არის ფიზიკურად აღებაზე, არსებობს ისეთი ფიზიკური მდგომარეობა, რომლის გამოც მის მიმართ ვერ იქნება გაცემული ელექტრონული პირადობის მოწმობა. ასეთი დაახლოებით 180 კაცია, მათგან 64-ია, ვინც ელექტრონულ პირადობის მოწმობას რელიგიური მოსაზრებების გამო არ იღებს.
ჯამში, როდესაც ძველი პირადობები გაუქმდება, პრობლემა თავიდან ბოლომდე მოიხსნება. ერთის მხრივ, მხარს დავუჭერთ “ევროპელი სოციალისტების“ ინიციატივას, რომელიც მოქალაქეს არაელექტრონული პირადობის მოწმობის შემთხვევაში ხმის მიცემის უფლებას აძლევს, მაგრამ ამას დაემატება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ყველა ძველი პირადობის მოწმობა გაუქმდება. გაუქმდება დაახლოებით 230 000 ძველი პირადობის მოწმობა და ამას ვერავინ გამოიყენებს საარჩევნო მიზნებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.