ევროკავშირისა და უნგრეთის მოლაპარაკებები არის ევროკავშირისა და უნგრეთის საქმე, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით. საბოლოო ჯამში, მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება დადებითი გადაწყვეტილებები მიღებული ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დისკუსია იმასთან დაკავშირებით, იქონიებს თუ არა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე გავლენას უნგრეთის მთავრობის მეთაურის ვიქტორ ორბანის დამოკიდებულება ევროკავშირის გაფართოების საკითხისადმი.
კობახიძის განმარტებით, მმართველი ძალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დადებითი გადაწყვეტილება იქნას მიღებული საქართველოს სასარგებლოდ.
„ევროკავშირისა და უნგრეთის მოლაპარაკებები არის ევროკავშირისა და უნგრეთის საქმე, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით. საბოლოო ჯამში, მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება დადებითი გადაწყვეტილებები მიღებული ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, მათ შორის, უკრაინისა და მოლდოვის სასარგებლოდ და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დადებითი გადაწყვეტილება იქნას მიღებული საქართველოს სასარგებლოდ“,- განაცხადა კობახიძემ.
უნგრეთთან ურთიერთობის კონტექსტში, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ოფიციალური ბუდაპეშტი არის საქართველოს და მისი ევროინტეგრაციის პროცესის გამორჩეული მხარდამჭერი.
„ჩვენ ვიცით, რომ უნგრეთი არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე, თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუდმივ რეჟიმში გვქონდეს თანამშრომლობა ჩვენს უნგრელ პარტნიორებთან იმისთვის, რომ ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდეს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ერთ კვირაში, როდესაც განიხილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი, უნგრეთის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ექნება ჩვენს ქვეყანას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობა, პარტნიორობა, მეგობრობა ჩვენს უნგრელ კოლეგებთან. ჩვენ გვაერთიანებს საერთო ღირებულებები საერთო ფასეულობები და, რა თქმა უნდა, როდესაც თანამშრომლობა არის ფასეულობებზე დაფუძნებული, ამ დროს პერსპექტივაც არის განსაკუთრებით ძლიერი.
უნგრეთში დღეს ვიწყებთ სამუშაო ვიზიტს, შევხვდებით ვიცე-პრემიერს, ასევე შევხდებით პარლამენტში თანამდებობის პირებს, გვექნება შეხვედრა ევროპულ საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან და გვექნება პარტნიორი პარტიის ხელმძღვანელებთან შეხვედრები. მიზანი არის, რა თქმა უნდა, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება ქვეყნებს შორის. ძალიან მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი კვირით ადრე ამ ვიზიტის განხორციელება იმისთვის, რომ ერთად ვიმსჯელოთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც მათ შორის საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება“,- განაცხადა კობახიძემ.