დღევანდელი მსვლელობაც არის, მათ შორის, იმის გამოძახილი, რომ ქართველი ხალხი ბოლომდე დადგება მტკიცედ ჩვენი ტრადიციული ფასეულობების სადარაჯოზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, საკმაოდ გავლენიანი ძალები ცდილობენ საზოგადოებას თავს მოახვიონ ყალბი იდეოლოგიები.
„ამას დავუპირისპირდით ჩვენ, მათ შორის, იმ კანონით, რომელიც მივიღეთ და რომელიც სწორედ ოჯახური ფასეულობების და არასრულწლოვანთან ინტერესების დაცვას ემსახურებოდა. იყო სერიოზული კრიტიკა ამ კანონის მიმართ, რაც იყო აბსოლუტურად გაუგებარი, თუმცა აქაც, საზოგადოება დადგა მოწოდების სიმაღლეზე და ყველამ გააცნობიერა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ზეწოლის მიუხედავად, ჩვენი ტრადიციული ფასეულობების დაცვა. ბუნებრივია, დღევანდელი მსვლელობაც არის, მათ შორის, იმის გამოძახილი, რომ ქართველი ხალხი ბოლომდე დადგება მტკიცედ ჩვენი ტრადიციული ფასეულობების სადარაჯოზე”, – განაცხარა პრემიერმა.
მისი თქმით, დღეს ადამიანები გაერთიანებულები არიან სიყვარულის იდეის, ტრადიციული ფასეულობებისადმი ერთგულების იდეის გარშემო.
„ჩვენ გვჭირდება ფასეულობების გარშემო ერთიანობა და მადლობა უნდა გადავუხადოთ კიდევ ერთხელ ჩვენს კათოლიკოს პატრიარქს ამ დღის დაწესებისთვის, მადლობა უნდა გადავუხადოთ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, მეუფე შიოს, რომელიც მიუძღვება დღევანდელ მსვლელობას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე თითოეული ჩვენგანისთვის, თითოეული ქართველისა და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის. დღევანდელი დღე არის იმის ნიშანი, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი არის ძლიერი და მტკიცე და საზოგადოება დგას მტკიცედ ფასეულობების სადარაჯოზე. იცით, რომ არის საკმაოდ პრობლემური ტენდენციები სხვადასხვა ქვეყანაში, რაც არის აბსოლუტურად ხელოვნური. კონკრეტული ძალები ცდილობდნენ, ჩვენი ქვეყნის და საზოგადოებისთვისაც თავს მოეხვიათ აბსოლუტურად ხელოვნური, მანკიერი იდეოლოგია, თუმცა ხედავთ, რომ ამ ბრძოლაში ქართველი ხალხია წარმატებული და ქართული საზოგადოება მტკიცედ იცავს, სწორედ, ტრადიციულ ფასეულობებს, იმ ღირებულებებს, რომელსაც ისტორიულად ეფუძნებოდა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი,”- განაცხადა პრემიერმა.
აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
