დეზინფორმაციასთან ბრძოლა დიდი გამოწვევაა – ამ სფეროში პირდაპირ ბრიტანული ან გერმანული კანონები რომ დავაკოპიროთ, სადაც გამოხატვის თავისუფლება არის დაცული, ამ კანონებს მყისიერად რუსული კანონი დაერქმევა , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ის, რაზეც რადიკალური ოპოზიცია დგას, არის გაუმჭვირვალობა, სიცრუე და დეზინფორმაცია.
კობახიძის თქმით, ქვეყანაში დეზინფორმაციის ხარისხი და მასშტაბი არის ძალიან მაღალი, თუმცა მეორე მხარეს გამოხატვის თავისუფლება დგას.
“არის ქვეყნები, რომლებიც გამოხატვის თავისუფლებას და დეზინფორმაციასთან ბრძოლას შორის სწორი ბალანსის გამოძებნას ახერხებენ – დაცულია ობიექტურობის პრინციპი და იმავდროულად, დაცულია გამოხატვის თავისუფლება. მერწმუნეთ, ჩვენ რომ მსგავსი კანონები დავაინიციროთ, რაც მოქმედებს მაგალითად გერმანიაში ან დიდ ბრიტანეთში, მას აუცილებლად რუსულ კანონს დაარქმევენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე.
