ინფრასტრუქტურის მიმართულებით გვაქვს ამბიციური გეგმები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღეს ინფრასტრუქტურა კრიტიკას ვერ უძლებს უმეტეს შემთხვევაში.
„ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, შევქმნათ სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა, პირველ რიგში, ქუთაისში შეიქმნება ახალი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა და ვფიქრობთ, რომ დამატებით, დაახლოებით 20 000 სტუდენტის მიღება უნდა შეძლოს ქუთაისმა. ეს ქუთაისს შესძენს სწორედ საუნივერსიტეტო ქალაქის დატვირთვას და ფუნქციას. ასევე, ვფიქრობთ, რომ თბილისშიც უნდა შეიქმნას სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა რუსთავის მიმართულებით, ან ქალაქ რუსთავში, რაზეც უკვე დაწყებულია მუშაობა. ზუსტი ადგილმდებარეობა განისაზღვრება მომავალში. ეს ხელს შეუწყობს თბილისის განტვირთვას და ქალაქების დატვირთვას აკადემიური ინფრასტრუქტურით. ასევე, გაფართოვდება სხვა რეგიონული უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურაც და იქაც, შესაბამისად გაიზრდება მიღებული სტუდენტები რაოდენობა.
კულტურული, სპორტული ინფრასტრუქტურა, სტუდენტების თვითრეალიზებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა – აქაც გვაქვს სერიოზული დეფიციტი და ამ მიმართულებითაც განვითარდება სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა. იაფი და ხარისხიანი საერთო საცხოვრებლების მიმართულებითაც გვექნება რადიკალური, ფუნდამენტური ცვლილებები. ამ მიმართულებითაც განვითარდება ინფრასტრუქტურა. ეს არის ის 7 ძირითადი მიზანი, რომელიც დასახული გვაქვს კონცეფციის ფარგლებში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ბევრად უფრო ადვილია კონცეფციის შემუშავება, ვიდრე მისი აღსრულება, თუმცა მთელი სამთავრობო გუნდი არის სრულად მობილიზებული იმისათვის, რომ კონცეფციის თითეული პუნქტი, თითოეული ამოცანა პირნათლად და სრულად შესრულდეს.
„ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად რეალურია თითოეული მიზნის მიღწევა. მართალია ამბიციურია კონცეფცია, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად რეალისტური, მიზნები არის აბსოლუტურად რეალისტური. მთლიანად ვიქნებით მობილიზებული ამ მიზნების მიღწევაზე. ამ კონცეფციის რეალიზაცია საჭიროებს კანონმდებლობაში ცვლილებებს, მათ შორის, განათლების სამინისტროს დაწყებული აქვს მუშაობა განათლების შესახებ კანონმდებლობის კოდიფიცირებაზე, სრულიად ახალი, გაერთიანებული კანონის მიღებაზე. მიზნები არის ამბიციური, თუმცა ყველაფერი გაკეთდება ამ მიზნების შესრულებისთვის”, – განაცხადა პრემიერმა.
