ყველას არ უნდა ძალადობაში მონაწილეობა. ძალიან კარგია, რომ ამ ორმა ადამიანმა დაიკავა სახელმწიფოებრივი პოზიცია, რაც მისასალმებელია, – ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გენერლების, მამუკა ყურაშვილისა და ზაზა გოგავას ერთობლივ განცხადებას.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბევრი სხვა მსგავსი ადამიანიც იქნება, მათ შორის შესაბამისი პოლიტიკური შეხედულებების მქონე, რომელსაც „არ მოუნდება ძალადობაში მონაწილეობა“.
„თავისთავად, როდესაც საუბარია დამხობაზე, ეს შინაარსობრივად ძალადობას გულისხმობს. დამხობა ძალადობის გარეშე არ არსებობს. ასეთი რამ ბუნებაში ვერ იარსებებს. გაცხადებული მიზანი აქვს მიტინგს – მათ უნდა სცადონ კონსტიტუციური წყობილების დამხობაა, ან ძალადობით შეცვლა, რაც თავის თავში გულისხმობს ძალადობას.
ყველას არ უნდა ძალადობაში მონაწილეობა. ძალიან კარგია, რომ ამ ორმა კონკრეტულმა ადამიანმა დაიკავა სახელმწიფოებრივი პოზიცია, რაც მისასალმებელია. ბევრი ასეთი სხვა ადამიანიც იქნება, მათ შორის შესაბამისი პოლიტიკური შეხედულებების მქონე, რომელსაც არ მოუნდება ძალადობაში მონაწილეობა. გვინდა ყველა გავაფრთხილოთ. ასეთი ტიპის ძალადობაში მონაწილეობა ითვალისწინებს მრავალწლიან სასჯელს. ეს მეგობრული რჩევაა ჩვენი მხრიდან, ნუ გააკეთებენ ისეთ რაიმეს, რის გამოც მოუწევთ მრავალი წლის განმავლობაში აღმოჩნდნენ გისოსებს მიღმა“,-აღნიშნა პრემიერმა.
შეგახსენებთ, გენერლებმა, მამუკა ყურაშვილმა და ზაზა გოგავამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნავენ, რომ ემიჯნებიან ყოველგვარ ძალადობრივ გეგმას და მოუწოდებენ ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან.
„კატეგორიულად ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობრივ გეგმას და მოვუწოდებთ ყველას, ვინც ფიქრობს ქვეყანაზე და არა საკუთარ თავზე, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან, რომელსაც თავს ახვევენ ახალგაზრდებს და მომავალში ვიბრძოლოთ ისეთი მეთოდებით, რაც არ დააზიანებს არც ქვეყანას და არც ჩვენს ახალგაზრდობას“, – აღნიშნულია მამუკა ყურაშვილისა და ზაზა გოგავას განცხადებაში
