ირაკლი კობახიძე ბოლო 8 თვეში მესამედ შეხვდა ჩინეთის ელჩს

ირაკლი მ ფეისბუკზე დაწერა, რომ მან და ელჩმა ისაუბრეს „საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროზე“.
„განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაღრმავებას“, – წერს იგი.
„ხაზი გაესვა ჩინეთის ელჩის განსაკუთრებულ როლს ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ, კულტურულ და ხალხთაშორის ურთიერთობებში“, – ნათქვამია 6 აგვისტოს გავრცელებულ მოკლე ცნობაში.
სხვა დეტალები დაზუსტებული არ არის. ჩინეთის საელჩოს ინფორმაცია შეხვედრის შესახებ ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. ბოლო ცნობა, რომელიც საელჩოს აქვს დადებული, ეხება 28 ივლისს ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის დაფუძნების 98-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომელზეც ელჩმა განაცხადა:
„ჩინეთი მზადაა ითანამშრომლოს საქართველოსთან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან სწორი ისტორიული პერსპექტივის ხელშესაწყობად, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების შედეგების დასაცავად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბირთვად ქცეული საერთაშორისო სისტემის შესანარჩუნებლად და მსოფლიო მშვიდობასა და განვითარებაში მეტი სტაბილურობისა და სიმტკიცის შესატანად“.
საჯარო სივრცეში გავრცელებული ცნობების თანახმად, ეს ჭოუ ციენისა და ირაკლი კობახიძის მეორე შეხვედრაა 2025 წელს, ხოლო 2024 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ – მესამე.
· წინა შეხვედრა 2025 წლის 10 იანვარს გაიმართა;
· ბოლოსწინა შეხვედრა კი 2024 წლის 6 დეკემბერს შედგა – მაშინ დიპლომატმა ს საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება და მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცება მიულოცა.
ჩინეთი ერთ-ერთია ქვეყნების იმ მცირე ჯგუფს შორის, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება და ასევე მიხეილ ყაველაშვილს მეექვსე პრეზიდენტად ინაუგურაცია მიულოცა.
ჩინეთის ელჩთან შეხვედრის წინა დღეს, 5 აგვისტოს, ირაკლი კობახიძე იმყოფებოდა თურქმენეთში, ავაზაში, სადაც მონაწილეობა მიიღო გაეროს კონფერენციაში ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნების შესახებ.
ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, ის შეხვდა ღონისძიების მასპინძლებს, თურქმენეთის პრეზიდენტსა და გაეროს გენერალურ მდივანს, ასევე – აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრსა და უზბეკეთისა და სომხეთის პრეზიდენტებს.
ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს სატრანზიტო როლზე, – მათ შორის „შუა დერეფანზე“, რომელიც, ცენტრალური აზიის ქვეყნების გარდა, ჩინეთისთვისაც ინტერესის ობიექტია.
ფორუმი