განაწყენებული საუბრობს ასეთ რაღაცებს. კაცი ტყუილს ამბობს – ნებისმიერ ტყუილზე გამოძიება ვერ დაიწყება,- ასე ეხმაურება პრემიერი, ირაკლი კობახიძე უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესო ალავიძის მიერ სასამართლო ხელისუფლების მიმართ გაკეთებულ განცხადებას.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ალავიძის განცხადებები არ არის საინტერესო და „არავითარი დასტური არ აქვს“.
„ეს არის რამდენიმე წლის წინ გავრცელებული ჩანაწერი, ახლა აქციის წინ გაახსენდა ვიღაცას. პასუხი უკვე გაეცა ყველა დეტალს. ეს არის ადამიანი, რომელსაც ჰქონდა დიპლომთან პრობლემა, ამის გამო ვეღარ დაიკავა მოსამართლის თანამდებობა. განაწყენებული საუბრობს ასეთ რაღაცებს. არ არის საინტერესო, 3 წლის წინ უკვე გაეცა პასუხი ამ ინტერვიუს, რომელიც ახლა ამოიღეს. კაცი ტყუილს ამბობს. არავითარი დასტური არ აქვს“,- აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე აბსურდშია შესული.
„სად არის ჩანაწერი?! როდესაც საუბარია სასამართლოზე, თუ არ ვცდები ეს ადამიანი მონაწილეობდა „რუსთავი 2“-ის საქმეში, რომელთან დაკავშირებითაც სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ უზენაესმა სასამართლომ, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება. ეს ადამიანი რას ამტკიცებს, თავად უნდოდა უსამართლო გადაწყვეტილების მიღება „რუსთავი 2“-ის საქმეზე და ვიღაც აიძულებდა სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას. რამხელა აბსურდშია ეს კაცი შესული. ეს ბრალდებები კი არ არის მძიმე, ტყუილია მძიმე“,-აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, „ცარიელ ტყუილებს“ ვისმენთ.
„ეს არის ცარიელი ტყუილები. თავის დროზე გაცხადებული ფაქტი იყო, როდესაც გვარამიას საქმის განმხილველ მოსამართლეზე ერთი-ერთი საელჩოს წარმომადგენელმა პირდაპირ ზეწოლა განახორციელა, დაიბარა, ანგარიში მოსთხოვა კონკრეტულ საქმეზე და შემდეგ ვიზიტი გაუუქმა. პირდაპირი ზეწოლა განახორციელა ამის გამო. თქვენ მოითხოვეთ მაშინ გამოძიების დაწყება?! სისხლის სამართლის დანაშაული იყო, რაც მაშინ მოხდა. აქ სისულელეზე უნდა დაიწყოს გამოძიება, ამას ამტკიცებთ. არ არის რელევანტური. ნებისმიერ ტყუილზე გამოძიება ვერ დაიწყება“,- აღნიშნა პრემიერმა.
შეგახსენებთ, იურისტი კახა წიქარიშვილი ასაჯაროებს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის ინტერვიუს, სადაც ალავიძე საუბრობს იმაზე, რომ სასამართლო სისტემაში არსებული „კლანისა“ და ხელისუფლების მხრიდან განიცდიდა ზეწოლას კონკრეტულ საქმეებზე მათთვის სასურველი განაჩენების გამოტანის მიზნით. უზენაესი სასამართლო ყოფილი მოსამართლე ჩანაწერში, მათ შორის ასახელებს შემდეგ საქმეებს: ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ქიბარ ხალვაშისათვის მიკუთვნება, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დავა ჯოზეფ ქეისა და პატარკაციშვილების ოჯახს შორის, ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის დავა „მაესტროს“ წილებზე და ა.შ ის საუბრობს მუქარაზე, ქრთამის შეთავაზებაზე, ასახელებს კონკრეტულ სახელებსა და გვარებსაც. მოსამართლე ჩანაწერში საუბრობს იმაზე, რომ სუიციდზეც ფიქრობდა.
„ბევრჯერ მიფიქრია, უზენაესი სასამართლოს გარე ფასადზე ავალ და მოსამართლის მანტიით ჩამოვიკიდებ თავს-მეთქი, ასე საჯაროდ. დაინახონ ადამიანებმა, რომ მოსამართლემ თავი მოიკლა და ამით ყველა მიხვდება სასამართლოში რა სიტუაციაა – ისეთი ზეწოლისა და სტრესის ქვეშ ვიყავი“, – განაცხადა ალავიძემ.