პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე 11-12 ივნისს, ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებას მსოფლიო ლიდერებიც დაესწრებიან.
“ღონისძიების მთავარი მიზანია, უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება. URC2024 ფოკუსირებული იქნება ოთხ თემატურ მიმართულებაზე: კერძო სექტორის მობილიზება აღდგენისა და ეკონომიკური ზრდისთვის; სოციალური აღდგენა და ადამიანური კაპიტალი უკრაინის მომავლისთვის; მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების აღდგენა; ევროკავშირში გაწევრიანება და მასთან დაკავშირებული რეფორმები.
ასევე, კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობა, მდგრადობა და უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, განათლება და ა.შ. მაღალი დონის პოლიტიკურ ღონისძიებაში, რომელსაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფო პირველად მასპინძლობს, მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურები, მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები”. – წერია მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.
ირაკლი კობახიძესთან ერთად საქართველოს დელეგაციაში საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ლევან ჟორჟოლიანი იქნებიან.