აშშ-ში ელჩის კანდიდატურა შერჩეული გვყავს, პროცესებიც არის დაწყებული და იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესები მალე მივა ბოლომდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
პრემიერის თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„შეგვიძლია გითხრათ, რომ აშშ-ში ელჩის კანდიდატურა შერჩეული გვყავს. უფრო მეტიც, პროცესებიც არის დაწყებული და იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესები მალე მივა ბოლომდე. ამ ინფორმაციას საჯაროდ გავუზიარებთ საზოგადოებას მოგვიანებით, როდესაც გვექნება შემდგომი ნაბიჯები ამ პროცედურებში. ჩვენ მზად ვართ დღესვე კომუნიკაციისთვის და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა სუფთა ფურცლიდან არის „ქართული ოცნების“ უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მაკა ბოჭორიშვილისა და რობინ დანიგანის შეხვედრის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრების შინაარსის გარეთ გამოტანა მიღებული არ არის, თუმცა ორივე მხრიდან გამოითქვა ინტერესი, რომ არსებითად და თვისებრივად გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველო-აშშ-ს შორის.
„ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა სუფთა ფურცლიდან არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, ამ კუთხით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის შეხვედრა, რომელიც შედგა ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრსა და ქალბატონ ელჩს შორის.
ჩვენ მანამდე გავაკეთეთ არაერთ საჯარო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი სურვილია, სრულებით გადაიტვირთოს ურთიერთობები, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ სტრატეგიული პარტნიორობა და არა მარტო დავიწყოთ სტრატეგიული პარტნიორობა, არამედ ეს გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება კონკრეტული ამოცანები. გავწეროთ ერთად კონკრეტული ამოცანები, სადაც ასახული იქნება ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები. ასე გვესახება ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა საქართველოსა და აშშ-ს შორის. ვფიქრობ, რომ არის ღირებულებითი თანხვედრა. გახსოვთ, რას ვლაპარაკობდით გასული სამი წლის განმავლობაში და ახლა ზუსტად იგივე გზავნილებით საუბრობს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია პრაქტიკულად ყველა თემაზე. არის თანხვედრა ხედვებს შორის, ეს არის საჯარო მოცემულობა, რასაც ყველა ხედავს. დანარჩენი, ვფიქრობ, დამოკიდებულია იმაზე, როგორი ნაბიჯები გადაიდგმება ორივე მხრიდან. ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ელჩთან შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივა იყო და ის მალევე შედგა.
„რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, თანხვედრა არსებობს, მთავარია, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას. ეს ყველაფერი დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად დამარცხდება საბოლოოდ “დიფ სთეითი” აშშ-ში. კვლავაც არის პრობლემები და “დიფ სთეითის” სერიოზული გავლენა. თუ მოხერხდება “დიფ სთეითის” დამარცხება სრულად თუ თვისებრივად, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ვერაფერი დაუდგება წინ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას”, – აღნიშნა პრემიერმა.
ასევე, კობახიძის თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში ურთიერთობების გადატვირთვა უნდა დაეფუძნოს ორმხრივ ინტერესებს. ამასთან, მისი თქმით, ელჩისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა რიგგარეშე არჩევნებზე.
„ვინმეს თუ აინტერესებს, მაკა ბოჭორიშვილისა და რობერ დანიგანის შეხვედრაზე საუბარი იყო თუ არა რიგგარეშე არჩევნებზე და ასეთ თემებზე, არავითარი ასეთი საუბარი არ ყოფილა. საქმე ეხებოდა არსებითად ზოგად სახელმწიფოებრივ საკითხებს. ბუნებრივია, აშშ-ი არის სუპერ სახელმწიფო, ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მსოფლიოში და რა თქმა უნდა, ის ურთიერთობებს ნებისმიერ ქვეყანასთან უყურებს საკუთარი ინტერესების პრიზმიდან. ეს აბსოლუტურად ნორმალურია და ამას ჩვენ ანგარიში უნდა გავუწიოთ. ჩვენც გვაქვს ჩვენი ინტერესები და ამ ინტერესებსაც მკაფიოდ გავაცნობთ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას, მით უმეტეს იმ ფონზე, რაც გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში. თქვენ ხედავდით, როგორ გვემტერებოდა კონკრეტული ადმინისტრაცია. ისინი, სამწუხაროდ, მოქმედებდნენ სახელმწიფოს სახელით, მაგრამ იყო კონკრეტული ადმინისტრაცია, რომელიც გამოირჩეოდა პირდაპირ მტრული საქმიანობით ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს აისახა კონკრეტულ მტრულ გადაწყვეტილებებში, როგორიც იყო უმაღლესი თანამდებობის პირების სანქცირება და ა.შ. არაფერს ვამბობ კონკრეტულ ქმედებებზე, რაც დაკავშირებული იყო საქართველოში ვითარების არევის მცდელობასთან, რაც უკავშირდება ომის იდეას, მეორე ფრონტის იდეას და ა.შ. იყო უამრავი პრობლემა. ამ ფონზე ჩვენ გვექნება ჩვენი გზავნილები და გვაქვს ეს გზავნილები პრეზიდენტ ტრამპის, მისი ადმინისტრაციის მიმართ. მთავარი არის ის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ურთიერთობების გადატვირთვა უნდა დაეფუძნოს ორმხრივ ინტერესებს. თუ იქნება სამართლიანობა, ამ შემთხვევაში ვერაფერი დაუდგება წინ ურთიერთობების თვისებრივად განახლებას, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველო არის პატარა სახელმწიფო და ასეთ ვითარებაში აშშ-ს აქვს უფრო ძლიერი პოზიციები, მაგრამ ამასთან ერთად, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და სწორედ ასეთი სუვერენული მიდგომით შევა ნებისმიერ ურთიერთობებში.
„ვფიქრობ, შესაძლებელია ინტერესების თანხვედრა, ასეთ შემთხვევაში სტრატეგიული პარტნიორობა, ვფიქრობ, რომ აღდგება. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ „დიფ სთეითის” დამარცხებაზე იქნება არსებითად დამოკიდებული ურთიერთობების გადატვირთვა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.