უკრაინის მთავრობა უმაღლეს დონეზე მოითხოვდა ჩვენგან რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ TRT WORLD-თან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას შეეხებოდა საქართველოსთან დაკავშირებით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ არ სურს ზელენსკის უპასუხოს, რადგან ის ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტია.
„არ მინდა, ბატონ ზელენსკის ვუპასუხო, რადგან ის ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტია. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ უკრაინის მთავრობა უმაღლეს დონეზე მოითხოვდა ჩვენგან რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას. მაგალითად, შემიძლია შეგახსენოთ უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ზელენსკის მთავარი მრჩევლის და სხვა მრავალი ადამიანის განცხადებები. ისინი აშკარად, ძალიან ნათლად მოითხოვდნენ ჩვენგან რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას და ჩვენ უარი ვთქვით. ამ შემთხვევაში ფაქტები ასეთია,“ – განაცხადა პრემიერმა.
კითხვაზე, თუ რატომ თქვა უარი საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვაზე, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებას სურს მშვიდობის შენარჩუნება, რადგან ეს ქართული საზოგადოების მოთხოვნაა და ხელისუფლება პასუხისმგებელია, სწორედ, საზოგადოების წინაშე.
„ეს იყო მკაფიო განცხადება საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შესახებ და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ეს ქვეყანას სრულად გაანადგურებდა. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ოთხ მილიონზე ნაკლები მოსახლეობით. ჩვენ ამ ქვეყანაში მრავალი ომის წინაშე აღმოვჩნდით, ბოლო 35 წლის განმავლობაში, ოთხი სხვადასხვა ომის, ოთხი განსხვავებული ომის. ჩვენ გვინდა მშვიდობის შენარჩუნება და ეს ჩვენი საზოგადოების მოთხოვნაა და ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ ქართული საზოგადოების წინაშე, რომელსაც სურს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რუსეთ-უკრაინის ომის აცილება შესაძლებელი იყო, თუმცა „საერთაშორისო საზოგადოებამ ბევრი არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სრულად ამაზე ყოფილიყო კონცენტრირებული“.
„პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ეს ომი არ მოხდებოდა და მე სრულად ვეთანხმები ამას. რა თქმა უნდა, ამ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებამ ბევრი არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სრულად ამაზე ყოფილიყო კონცენტრირებული და ბოლოს, ხედავთ, რომ ქვეყანა, ძალიან კარგი ქვეყანა, მეგობრული ქვეყანა, უკრაინა, ახლა განადგურებულია. მათ უზარმაზარი პრობლემები აქვთ, არის ამდენი მსხვერპლი, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, განადგურებულია ეკონომიკა. აშშ-ის ადმინისტრაცია ამბობს, რომ ეს არის მარიონეტული ომი. მე არ ვიტყოდი, რომ ეს არის შეერთებული შტატების, მაგრამ ეს არის მარიონეტული ომი დასავლურ საზოგადოებასა და რუსეთს შორის. ამიტომ, მე უბრალოდ ვიმეორებ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ფორმულირებას,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




