ამ ვითარებაში, ჩვენი რეიტინგი ბევრად აღემატება საპარლამენტო არჩევნების წინ დაფიქსირებულ რეიტინგს, შესაბამისად, თუ წინა შემთხვევაში ქვეყნის შიგნით 54,5% მივიღეთ, ახლა ველით 60%-ზე მეტის მიღებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ის ასევე გამოეხმაურა მიხეილ ყაველაშვილის მიერ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებასაც.
„ჩვენთვის მთავარია, ჩვენი დამოკიდებულების გამოხატვა, რა იქნება ამაზე რეაქციები, ეს არ არის ჩვენთვის საინტერესო, ჩვენ მთავარია, კონკრეტული გადაწყვეტილება მივიღეთ, რაც ჩვენს სრულ ღიაობას გამოხატავს ეუთო/ოდირის მიმართ და ზოგადად არჩევნების დაკვირვების პროცესის მიმართ, რაც შეეხება სხვების რეაქციებს, ეს არც წარსულში გვაინტერესებდა, არც ახლა გვაინტერესებს, ჩვენთვის მთავარია, რა არის ობიექტური ჭეშმარიტება და ობიექტური სინამდვილე.
ძალიან მძიმე მდგომარეობაა რადიკალურ ოპოზიციაში, აქამდე მათ საკუთარი თავი თვითონ მიიყვანეს, რა თქმა უნდა, ჩვენც შევუწყვეთ ხელი, მაგრამ თვითონ და მათმა პატრონებმა მიიყვანეს რადიკალური ოპოზიცია ამ მდგომარეობამდე. დღეს, რადიკალური ოპოზიცია აბსოლუტურად მოშლილია, ორად არის გაყოფილი, ერთი ნაწილი „ნაცმოძრაობა“ და „ახალი“ ღალატად აცხადებენ არჩევნებში მონაწილეობას, მეორე ნაწილი, ეს არის ხაზარაძე-გახარიას ორი პარტია, ისინი არჩევნებში მონაწილეობენ, რადიკალური ოპოზიცია გაიხლიჩა ტაქტიკური თვალსაზრისით, რაც ძალიან კარგია, ჩვენც გვეხმარება, სუბიექტურადაც მოგვწონს ეს ყველაფერი, რადგან საარჩევნო კუთხით გვიმარტივებს, 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებას. ამ ვითარებაში, ჩვენი რეიტინგი ბევრად აღემატება საპარლამენტო არჩევნების წინ დაფიქსირებულ რეიტინგს, შესაბამისად, თუ წინა შემთხვევაში ქვეყნის შიგნით 54,5% მივიღეთ, ახლა ველით 60% -ზე მეტის მიღებას. თბილისის, ქალაქების შემთხვევაში ველოდებით, რომ პირველივე ტურში ყველგან მოვიგებთ მერის არჩევნებს, დღევანდელი მოცემულობით ეს არამხოლოდ რეალური, არამედ უკვე შემდგარი ფაქტია იმ რეიტინგების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი კვლევითი ორგანიზაციების მიერ არის წარმოდგენილი“, – განაცხადა კობახიძემ.
