„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალი კანონის ამოქმედებას უკავშირებს გუშინ, 22 ოქტომბერს, პარლამენტთან პოლიციის მხრიდან გზის გადაკეტვის აკრძალვას.
„დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში პირველად ამ რადიკალებმა ვეღარ მოახერხეს ქუჩის გადაკეტვა, ეს ნიშნავს, რომ ახალმა კანონმა დაიწყო ამოქმედება. რა თქმა უნდა, არ უნდა მოვდუნდეთ და ყურადღებით გავაგრძელოთ მუშაობა. საბოლოო ჯამში, რადიკალიზმი საბოლოოდ უნდა ჩაიშალოს ჩვენს ქვეყანაში…“ – თქვა ირაკლი კობახიძემ.
გასული წლის 28 ნოემბრის შემდეგ გუშინ პირველად, დემონსტრანტებმა პოლიციის გაძლიერებული წინააღმდეგობის შედეგად ვეღარ შეძლეს პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირის გადაკეტვა. პოლიციამ დააკავა დაახლოებით 30 ადამიანი. მათ შორის, ერთი სისხლის სამართლის კოდექსით – მას პოლიციის ავტომობილზე ასვლის გამო ხულიგნობას ედავებიან.
გუშინ, 22 ოქტომბერს, დაახლოებით 20:00 საათისათვის რამდენიმე მოქალაქე გზის სავალ ნაწილზე გადავიდა.
ერთი მათგანი გზაზე დაწვა, მეორე – მწერალი ირაკლი ლომოური – თავის მიტანილ სკამზე დაჯდა, კიდევ ერთი ადამიანი კი გზის შუაში, ასფალტზე დაჯდა.
რამდენიმე წუთში პოლიციამ დემონსტრანტების დაკავება დაიწყო ახალი კანონით, რომლითაც გზის გადაკეტვა ან აქციაზე სახის დაფარვა 15 დღემდე პატიმრობით ისჯება.
გასულ კვირაში „ქართულმა ოცნებამ“ სადავო პარლამენტში მიიღო კანონები, რომლებმაც კიდევ უფრო შეზღუდა გამოხატვის თავისუფლება – აქციაზე პირბადის გაკეთება ან გზის გადაკეტვა ისჯება 15 დღემდე პატიმრობით, განმეორების შემთხვევაში – 1 წლამდე პატიმრობით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო ოთხ დღეში, მას შემდეგ, რაც გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი ახალი კანონი ამოქმედდა, პოლიციამ დაახლოებით 80 ადამიანი დააკავა.
კანონის მიხედვით, მოსამართლეს აღარ ექნება ჯარიმის გამოყენების უფლება და დემონსტრანტს პირდაპირ 60 დღემდე გაუშვებს პატიმრობაში, თუ:
· მას აქციაზე ცეცხლსასროლ იარაღს, ადვილად აალებად ნივთიერებას, ცივ იარაღს ან პიროტექნიკას აღმოუჩენენ;
· თუ პოლიცია შეკრების დაშლის გადაწყვეტილებას მიიღებს, დემონსტრანტი კი არ დაემორჩილება.




