ირაკლი კობახიძემ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს უარი უთხრა ერთობლივ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე, რაზეც აქამდე 20 დეკემბერს შეთანხმდნენ

ირაკლი მ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს უარი უთხრა ერთობლივ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე, რაზეც აქამდე 20 დეკემბერს შეთანხმდნენ. სამუშაო ჯგუფს რუსული კანონის ცვლილება უნდა განეხილა. 

ევროპის საბჭო აღნიშნავს, რომ ბერსემ გასული წლის 20 დეკემბრის ვიზიტის შემდეგ კობახიძეს სამუშაო ჯგუფის შექმნის მოთხოვნით 20 იანვარს დაუკავშირდა, თუმცა პასუხი არ მიუღია. 3 თებერვალს სატელეფონო საუბრის დროს კობახიძემ ბერსეს უთხრა, რომ “შეცვლილი გარემოებებიდან გამომდინარე”, მის მთავრობას შეთანხმებისამებრ ერთობლივ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა და რუსული კანონის შეცვლა აღარ სურდა.

განცხადებაში ასევე წერია, რომ კობახიძემ “ხელახლა დაადასტურა საქართველოს ერთგულება სახელმწიფოთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის გაგრძელებისადმი”.

ევროპის საბჭოს განცხადებით, ბერსე კობახიძის გადაწყვეტილებას “დიდი მწუხარებით” შეხვდა და “გაიმეორა მისი შეშფოთებები საქართველოში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ, ასევე მისი პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაციის შესახებ”.

“ახლა ამოცანა საქართველოს მთავრობის მიერ კურსის ცვლილების შედეგად შექმნილი ახალი ვითარების გავლენის შეფასება არის. საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი მიმდინარეობს”. – წერია ევროსაბჭოს განცხადებაში.

2024 წლის 18 დეკემბერს ალენ ბერსე საქართველოში ჩამოვიდა და ის “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ბერსესთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს “კოალიცია ცვლილებეისთვის” ლიდერებმა, რომლის მიზეზადაც მათ “ქართული ოცნების” მიერ ბერსეს ვიზიტის პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოყენება დაასახელეს

20 დეკემბერს ბერსემ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მიესალმება “მთავრობის გარანტიებს” უცხოური გავლენის შესახებ კანონის შესწორების თაობაზე.

“ჩვენ ახლა ჩამოვაყალიბებთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ექსპერტთა სამუშაო ჯგუფს, რომელიც გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, რათა განხორციელდეს ცვლილებები ამ კანონმდებლობაში” – განაცხადა ბერსემ.

ასევე დაგაინტერესებთ