როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს უტიფრობა?! – როგორ ხელისგულზეა ბინძური სცენარის აღსრულების მცდელობა, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ვხედავთ – როგორ კიდევ ერთხელ ვიხილეთ გუშინ, ექსტრემიზმის მხარდაჭერის პირდაპირი მტკიცებულება! – ამ განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია საქართველოში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის ვიზიტს გამოეხმაურა.
როგორც კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ვალტონენი „რუსთაველზე სეირნობის შედეგებს ვიზიტის დამკვეთს, ქალბატონ კალასს წარმატებით უპატაკებს“.
„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს, რომელიც ეუთოს თავმჯდომარეობის პოსტზე თავისი მანდატის მიწურულს კონკრეტული მისიით ჩამოვიდა. დარწმუნებული ვარ, ვიზიტის შედეგებს – რუსთაველზე სეირნობის შედეგებს ვიზიტის დამკვეთს ქალბატონ კალასს ძალიან წარმატებით უპატაკებს.
კარგად ვნახეთ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული ბრიფინგი, შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმი. თურმე ქალბატონი ჩვენი შემზღუდავი კანონებით შეშფოთებულია! ხომ ღიმილის მომგვრელია?! აქედან ვუსვამ კითხვას, რომელი კანონით არის შეშფოთებული? – შემთხვევით გამჭვირვალობის კანონით ხომ არ არის შეშფოთებული ან ლგბტ თემის შემზღუდავი კანონით? ისეთი კანონებით ხომ არ არის შეშფოთებული, რომელი კანონებიც ყველა დემოკრატიულ და სუვერენულ ქვეყანაში მოქმედებს? ისეთი კანონებით ხომ არ არის შეშფოთებული, რომელიც ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნის უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს ემსახურება?
როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი?! როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს უტიფრობა?! როდემდე უნდა უმტკიცონ საზოგადოებას, რომ ის რაც თავიანთ ქვეყნებში მნიშვნელოვანი, აუცილებელი და საჭიროა დემოკრატიისთვის, ჩვენ ამის უფლება არა გვაქვს.
როგორ ხელისგულზეა ყველაფერი! როგორ ხელისგულზეა ბინძური სცენარის აღსრულების მცდელობა, რომელსაც ჩვენ ქვეყანაში ვხედავთ – როგორ კიდევ ერთხელ ვიხილეთ გუშინ ექსტრემიზმის მხარდაჭერის პირდაპირი მტკიცებულება!
მივმართავ ევრობიუროკრატებს – როდემდე უნდა გაგრძელდეს თქვენი ხელით იმ ევროპული ღირებულებებისა და ფასეულობებისთვის ძირის თხრა, რისი სახელითაც გვესაუბრებით. როდემდე უნდა გააგრძელოთ დესტრუქცია, ჩვენი საზოგადოების და სუვერენული ქვეყნის შეურაცხყოფა, რასაც თქვენ ასე უტიფრად ახორციელებთ?!
პასუხი საზოგადოებამ გაგცათ და აბსოლუტურად სულ ყველას ამ პასუხთან შეგუება მოგიწევთ! – ამ ტრიბუნიდან ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის სახელით გეუბნებით: მიუხედავად თქვენი უამრავი ბინძური მცდელობისა ჩვენი ქვეყნის შვილები არასდროს იტყვიან უარს ღირსებაზე, იდენტობაზე, იმ სუვერენიტეტსა და თავისუფლებზე, რომელსაც საუკუნეების მანძილზე იცავდნენ და რომელსაც ევრობიუროკრატიის და „დიფ სთეითის“ ხელდასმული პოლიტიკოსები ხართ სრულიად დაცლილი“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
