ირაკლი ზარქუა ხაბეიშვილს – რა ქენი გუდუნა ეს? რას დაგამსგავსეს ბიჭო, ჰა? რა გიქნა „სტრატეგია აღმაშენებელმა“ – არ მინდა გაგაბრიყვოს ვაშაძემ, კაცმა წაგართვა თანამდებობა და პარტიაც აგახია, აფერუმ შენს პოლიტიკოსობას!

რა ქენი გუდუნა ეს? რას დაგამსგავსეს ბიჭო, ჰა? რა გიქნა „სტრატეგია აღმაშენებელმა“ – არ მინდა გაგაბრიყვოს იმან [ვაშაძემ], პარტია აქვს ისეთი, ოგბუნუჯუმ აჯობა, ასეთმა კაცმა წაგართვა თანამდებობა და პარტიაც აგახია, აფერუმ შენს პოლიტიკოსობას! – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ზარქუამ ხაბეიშვილის მხრიდან 2012 და 2024 წლებში პროდუქტების ფასების შედარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „პოლიტიკა ხაბეიშვილის თემა არ არის“.
„ახლა ვუსმენდი ხაბეიშვილს – რა ქენი გუდუნა ეს? რას დაგამსგავსეს ბიჭო, ჰა? საკრებულოში მთელი იმედები გვქონდა, გამოგწვრთენით, შემდეგ პარლამენტში ჩაგწერეს, გადმოხვედი, შემდეგ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი გახდი და რა გიქნა „სტრატეგია აღმაშენებელმა“, ჰა? რა გინდა ბაზარზე თავმჯდომარე კაცს, კიტრის, პომიდვრის, მწნილის, „პეტრუშკის“ ფასებზე რომ დარბიხარ? – ამაშია საქმე.
ახლა რეალობა – ბატონო რომან, გოცირიძეს მივმართავ, თქვენი ბრალიცაა, რომ მიატოვეთ ის პარტია, ერთი ჭკუათმყოფელი არ ჰყავთ, რომ ეკონომიკური ჩაუტაროს. 2012 წლის ფასებს ადარებს 2024 წლის ფასებს. ამას ჰგონია, რომ ხალხი ამას მიიღებს, ამ პოპულიზმს. იმისგან, “ჭიჭე” ვაშაძისგან აქვს აქვს აღებული, ასეთი გიჟი არ იყო. ის ხომ ყველაფერზე მიდის, ყველაფერს აწერს ხელს. რანაირად შეიძლება, ბიჭო? კოვიდის შემდეგ, ომის გადამკიდე, მთელ ევროპაში (ვიღაცამ ხომ უნდა მოგცეს სტატისტიკა) 25%-იანი ინფლაცია ჰქონდათ, თურქეთში 77%-იანი. ვიღაცამ ხომ უნდა აგიხსნას შე დალოცვილო. მესმის, არ იცი, კარგი. გავიგე, არ გაგებება, მაგრამ ამხელა პარტიაში ვინმე არ დაგრჩათ ერთი, ჭკუა რომ მოეკითხება ეკონომიკის თემაზე? ერთი ქვეყანა მითხარით, რომელიც, 2012 წელს კი არა, 1-2 წლის წინანდელ ფასებზეა ახლაც.
არ არის „ხაბე“, შენი თემა ეს პოლიტიკა, ჩემო ძმაო და რა გინდა რომ ქნა? დაგჩაგრა იმან, გვერდზე რომ გიზის. წადი ბიჭო, წაიკითხე. არ მიკვირდა? გადამალული ჰყავთ, მეთქი, მეცადინეობს. თურმე ბაზარ-ბაზარ დადის და აქ „პეტრუშკისა“ და ქინძის ფასები წარმოგვიდგინა. გული მწყდება იმიტომ, რომ ერთად მოვდივართ, ვიბრძვით საკრებულოდან, ვიცი, შენც გიყვარს შენებურად შენი ქვეყანა, გული დამწყდა. გვერდზე რომ გიზის პოპულიზმით, არაფრისმთქმელი ტექსტებით, ყელმოღერებით, ამერიკულ სტილში აკეთებს პრეზენტაციებს, შემდეგ მოსცხებენ ტაშს და ჰგონიათ, ამით 1-ელ, მე-2, მე-3, მე-4 ადგილზე გავლენ. ეს შალიკოს ფანჩატურიდანაა, მაგის არითმეტიკაა, სირცხვილია! გირჩევდი – არის შენში ტალანტი, რომ ხალხს დაელაპარაკო შენს ენაზე, აუხსნა, რა შეგიძლიათ, როგორ, რანაირად, ეს შეგიძლია. არ არის ეს შენი თემა. პარტიის თავმჯდომარე ხარ, შეიფერე! დაჯექი და სტრატეგიულ თემებზე იმუშავე. გაუშვი, “ჭიჭე” ვაშაძე, უთხარი, ჭიათურაში ჩადი, რომ დაჰპირდი ხალხს პასუხი გაეცი რაღაცებზე. კითხე, „ჭიჭე“ გიზის გვერდზე – მინისტრის მოადგილე რომ იყავი, პრემიებს რომ იჯიბავდი, ხმა რატომ არ ამოიღე-თქო?! აბა, კითხე სტრატეგიული ობიექტები რატომ მივეცით რუსებს-თქო. მაშინ შენ მინდორზე დარბოდი, იმან იცის, თანამდებობაზე იყო, პრემიები აქვს აღებული. გაბრიყვებენ, ჩემო „ხაბე“, გაბრიყვებენ. შენ გამოდის წინა ფლანგზე, გეკუთვნის, მებრძოლი ბიჭი ხარ. ჩააჩოჩე, დამიჯერე, შენი გულშემატკივარი გეუბნები ამას. აბა, წარმატებებს გისურვებ! ეს ქვეყანა როგორც აქამდე მოვიყვანეთ მშვიდობით, ეკონომიკური განვითარებით, როგორც ევროინტეგრაციაზე დავწინაურდით, ასე წავალთ. უბრალოდ, შენ არ მინდა გაგაბრიყვოს იმან, გვერდზე რომ გიზის, იმას რომ იცოდე პარტია აქვს ისეთი, ოგბუნუჯუმ აჯობა. იმ კაცმა მოუგო. ასეთმა კაცმა წაგართვა თანამდებობა და პარტიაც აგახია. აფერუმ შენს პოლიტიკოსობას! აბა, კარგად იყავით!“ – განაცხადა ზარქუამ.