„მადამ მავნებელი“ ვერ გახდა ლიდერი. ჩაიყვანეს [ტრამპის] ინაუგურაციაზე და კი ნახეთ, რომ დიდ ეკრანზე აყურებინეს. ამას გაუმართლა, სითბოში მაინც იჯდა და ის დანარჩენი ბედოვლათები მისაღებში, ეზოში დააყენეს იმ სიცივეში – ხაზარაძე და ჯაფარიძე „ლელოდან“. იმ კაცმაცუნა ვაშაძეს, მგონი, კალათბურთის ბილეთები აუღეს და იმ დარბაზში გაუშვეს, საერთოდ სხვაგან მოხვდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრების შესახებ.
ირაკლი ზარქუას შეფასებით, ამერიკიდან დაბრუნებულები „შემდეგ აქ, კეკლუცობდნენ“.
„შემდეგ აქ ჩამოვიდნენ და კეკლუცობდნენ, ჩვენ შევხვდით და დიდი პატივით მიგვიღოო და ვინ მიიღო? – ჯო უილსონმა. სხვათა შორის, გუშინ, 7 წუთით გამოირთო შუქი და მინდა ვთხოვო ჯო უილსონს, გადავუხდით და თავის „ტვიტერით“ ეს დადოს. ამ დონეზე არის ასაგდები ეს კაცი უკვე. ე.წ. გაქირავებული აქვს თავისი სოციალური ქსელი, მიდის დაფინანსება და თუ გინდა, დაბადების დღეს მოგილოცავს, როდის გაქვს დაბადების დღე, გადავიხდით და დადებს, „გილოცავ, დაბადების დღეს“, აი, იმ დონეზეა.
მენდესი გახსოვთ? – მეორე სენატორი, რომელიც ჩვენ ქვეყანას „აშავებდა“, ჩვენ რომ მორალს გვიკითხავდა და ამბობდა, ევროინტეგრაციას, როგორ აჩერებენ, კორუფცია არისო. სენატორი მენდესი თვითონ ამერიკელებმა დაიჭირეს და 15 თუ 20 წელი მიუსაჯეს, საკუთარ ქვეყანას ღალატობდა. აი, ასეთი ხალხი მორალს გვიკითხავს, ასეთი ხალხი უტევდა ჩვენ ქვეყანას მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და ახლაც, აგრძელებენ, მათ შორის ევროპარლამენტში. ის რეზოლუციები, რაც მიიღეთ, 4-5, კიდევ წერეთ და იკითხეთ. კიდევ ჩაწერეთ, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, კეზერაშვილი მედიამენეჯერია და თურმე ლგბტ პროპაგანდა უკან უნდა წავიღოთ, ვერ ეღირსებით, ჩვენ დავიცავთ სახელმწიფოს ინტერესებს, ჩვენ დავიცავთ ქართველი ხალხის ინტერესებს და ასე იქნება ყოველთვის“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.