სალომე ზურაბიშვილს არ მივცემთ საშუალებას, ბიოგრაფიაში ჩაიწეროს, რომ პრეზიდენტად ყოფნის 6-წლიანი ვადა ამოწურა – ის უნდა წავიდეს სტატუსით, რომ საქართველოს მოსახლეობამ და მოსახლეობის მიერ ლეგიტიმურად არჩეულმა პარლამენტმა გადააყენა, – ეს განცხადება მედიასთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.
ზარქუა სალომე ზურაბიშვილს „მადამ მავნებელს“ უწოდებს და ამტკიცებს, რომ „ის საქართველოს ინტერესებს არ გამოხატავს“.
„ვაკვირდებით, რომ კონსტიტუციის დამრღვევი ე.წ. პრეზიდენტი მადამ მავნებელი გახდა. ის დღემდე არ ნიშნავს ელჩებს, მათ შორის ევროპის სახელმწიფოებში. ასევე ხელს არ აწერდა და ბოლოს ვაიძულეთ, რომ ამნისტიაზე ხელი მოეწერა. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებულ კანონს ხელი საერთოდ არ მოაწერა – ეს ყველაფერი მავნებლობაა. ამიტომ არ მივცემთ საშუალებას, ბიოგრაფიაში ჩაიწეროს, რომ პრეზიდენტად ყოფნის 6-წლიანი ვადა ამოწურა – ის ისეთი სტატუსით უნდა წავიდეს, რომ საქართველოს მოსახლეობამ და მოსახლეობის მიერ ლეგიტიმურად არჩეულმა პარლამენტმა გადააყენა.
ეს არის ის, რასაც მავნებლობით, კონსტიტუციის დარღვევის და უცხოელი პატრონების დავალების შესრულების გამო იმსახურებს!
გახსოვთ, როცა ჩვენ კანდიდატის სტატუსის მოლოდინში ვიყავით, როგორი რიტორიკა მოდიოდა ევროპარლამენტარებისგან, ევროსაბჭოსგან და ცალკეული ქვეყნების პრეზიდენტებისგან – იყო მუქარების წერილები, მაგრამ ჩვენ სტატუსი ღირსებით, დამსახურებულად მაინც მივიღეთ და გავიმარჯვეთ. ჩვენ რომ მათთვის დაგვეჯერებინა, ისეთი ნაბიჯები უნდა გადაგვედგა, რაც ჩვენი ქართველობისთვის დამამცირებელი იქნებოდა.
მეორე ფრონტი საქართველოს ინტერესებში არ არის, რისკენაც გვიბიძგებდნენ და რასაც გვთხოვდნენ!
ჩვენ ავირჩიეთ პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის დამცველი უნდა ყოფილიყო და როდესაც კანდიდატის სტატუსით მოლოდინში ვიყავით, პარლამენტში თქვა, რომ ფსევდორეფორმები ტარდებოდა. ეს ქართველების ინტერესებში იყო?! – არა!
პრეზიდენტი უცხოეთში ყველას ტყუილს, არასწორ ინფორმაციას აძლევს, შემდეგ აქ ჩამოდის და ჩვენც გვატყუებს. მავნებლობს!
ეს პრეზიდენტი არის მავნებელი, ის არ არის საქართველოს ინტერესების გამომხატველი და ამიტომაც ვზღუდავთ”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, “ქართული ოცნება” საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას კიდევ ერთხელ იწყებს.