„კანონპროექტებში დაკარგულები“ შეიძლება ვუწოდოთ. ამ გახარიებს რა უნდათ ჩვენთვისაც გაუგებარია, რა მიზნები ამოძრავებთ, ვის ინტერესებს იცავენ, ფაქტია, ქართულ ინტერესებს არ იცავენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიერ დაინიცირებულ ალტერნატიულ კანონპროექტს.
ზარქუას თქმით, მთავარია, რომ აღიარებენ, ამ სექტორში არის პრობლემა, გამოწვევა.
„კანონპროექტებში დაკარგულები” შეიძლება ვუწოდოთ. ამ გახარიებს რა უნდათ ჩვენთვისაც გაუგებარია, რა მიზნები ამოძრავებთ, ვის ინტერესებს იცავენ, ფაქტია, ქართულ ინტერესებს არ იცავენ. თუ იმას აღიარებ, რომ “შავი ფული” ტრიალებს „ენჯეო” სექტორში, მაშინ ღია და გამჭვირვალე კანონი შემოგვაქვს, რომელიც გაცილებით მსუბუქია, ვიდრე ევროპული, მაშინ ალტერნატივას რატომ გვთავაზობენ? ალბათ, თავი რომ გამოიჩინონ, მიიწერონ, რომ ამ თემაზე მუშაობენ. მთავარია, რომ აღიარებენ, ამ სექტორში არის პრობლემა, გამოწვევა. კაციშვილმა არ იცის 85 მილიონიდან 70 მილიონი რაში დაიხარჯა არცერთმა არ იცის”, – აღნიშნა ზარქუამ.
ამავე თემაზე საუბრისას, მან მიმართა საელჩოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რა დროსაც აღნიშნა, რომ მათი დაფინანსება წლების განმავლობაში არა ხალხზე, არამედ “ენჯეო” სექტორზე იხარჯება.
„ნურავის გეგონებათ, რომ ეს თქვენი დაფინანსებები წლების განმავლობაში მიდის ჩვეულებრივ ხალხამდე. არა ბატონო, ეს იხარჯება ამ მდიდარ “ენჯეოშნიკებზე”. მე მოგახსენებთ, მათ თანამშრომლებს, როგორც ამბობენ და მედიაში გავრცელდა, აქვთ 15 ათას ლარამდე თვეში ხელფასი. 140 000 ლარი აქვს წლიურად, მაგალითად ბატონ მშვენიერაძეს, ცალ ფეხზე მოხტუნავეთა სექტიდან. ბუნებრივია, მას ქართული ინტერესი არ აქვს. არც ქართულ ტრადიციას, არც მართლმადიდებლობას პატივს არ სცემს. მისი პირადი ინტერესია, რომ კონკრეტულად გამდიდრდეს ჩვენი ქვეყნის დაქუცმაცების ხარჯზე. ამას არ გაგატარებთ”, – განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტშია ინიცირებული. მასთან ერთად დაინიცირდა ორი ალტერნატიული პროექტი – ერთია, “ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ” პროექტი და „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, ხოლო მეორე – „გრანტების შესახებ“ კანონსა და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებები.