ირაკლი ზარქუა – არ დაიჯეროთ, რასაც ოპოზიცია ამბობს, მათ არც პრინციპი და არც თავმოყვარეობა არ აქვთ – პატრონები ზემოდან ეტყვიან, რომ ადგილობრივ არჩევნებში უნდა მიიღო მონაწილეობა? – ჩამწკრივდებიან და მიიღებენ

მარტივად და პირდაპირ – არ დაიჯეროთ, რასაც ოპოზიცია ამბობს, მათ არც პრინციპი და არც თავმოყვარეობა არ აქვთ. როგორც ზემოდან თავისი პატრონები დაუკვეთავენ, ისე მოიქცევიან – ეტყვიან, რომ ადგილობრივ არჩევნებში უნდა მიიღო მონაწილეობა? – ყველა ჩამწკრივდება და მიიღებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მ ჟურნალისტებთან თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია თავის თავს და ქართველ ხალხს არ წარმოადგენს.
„მარტივად და პირდაპირ – არ დაიჯეროთ, რასაც ოპოზიცია ამბობს, მათ არც პრინციპი და არც თავმოყვარეობა არ აქვთ. როგორც ზემოდან თავისი პატრონები დაუკვეთავენ, ისე მოიქცევიან. ჩამოვა ახალი თუ იგივე ელჩი და ეტყვის, რომ უნდა შევიდნენ პარლამენტში (ვინც შემორჩა) და შემოვლენ. ეტყვიან, რომ ადგილობრივ არჩევნებში უნდა მიიღო მონაწილეობა? – ყველა ჩამწკრივდება და მიიღებენ. იმიტომ, რომ ისინი თავის თავს და ქართველ ხალხს არ წარმოადგენენ. ისინი პატრონების დაქვემდებარებაში არიან. ნახეთ რომელიმე რეგიონში გასულიყო და [ხალხს] შეხვედროდა? ერთი „დოი“ [დავით დოიაშვილი] იყო სადღაც გასული და გზაში დაიკარგა. ერთი ეს კაცი წავიდა ოპოზიციის სახელით და მერე გაქრა, არსად ჩანს – წალენჯიხაში მოვიკითხე და იქ არ ჩასულა, არანაირი დადგმა არ ჩაუტარებია. სად წავიდა, არ ვიცი – ეტყობა, გაიაზრა, რა და როგორ იყო და სახლში მშვიდადაა. რაც შეეხება ოპოზიციას, მე მოლოდინი მაქვს, რომ როგორც ბიუჯეტიდან აიღეს ფული, ზუსტად ასე, ადგილობრივ არჩევნებშიც გაერთიანებულად თუ ცალ-ცალკე პლატფორმებს შექმნიან, „მადამ ფრანცუჟენკაც“ რაღაცას ეტყვის და ეგ არის. არ გვაინტერესებს – „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს ადგილობრივ არჩევნებში, რადგან საქმის ხალხი ვართ“, – განაცხადა ზარქუამ.
ამასთან, ირაკლი ზარქუა გამოეხმაურა ელჩების მიერ სასამართლო პროცესებზე დასწრების საკითხს და აღნიშნა, რომ ისინი საქართველოს შიდა საქმეებში ერევიან.
ზარქუას ვარაუდით, სასამართლო პროცესებზე დამსწრები ელჩები გრძნობენ, რომ „მათი სამუშაო პერიოდი დასასრულს უახლოვდება და ამიტომ ცდილობენ, რომ სიტუაცია მაქსიმალურად გაამწვავონ“.
„კიდევ ერთხელ შევახსენებთ პატივცემულ ელჩებს უფლება-მოვალეობებს – ნუ ერევით ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში. თქვენ გაქვთ თქვენი კოლეგების მკაფიო მაგალითები, რომლებიც უხეშად ერეოდნენ საქართველოს შიდა საქმეებში. ყველა წაგებული დარჩა და რადარზე საერთოდ არ ჩანან. თქვენს კარიერას ასე ნუ დაამთავრებთ. თქვენი მოვალეობები კიდევ ერთხელ გაიაზრეთ!
მგონი, გრძნობთ, რომ თქვენი სამუშაო პერიოდი დასასრულს უახლოვდება და ამიტომ ცდილობთ, რომ მაქსიმალურად გაამწვავოთ სიტუაცია. არაფერი გამოგივათ, ეს საქართველოა და დავიცავთ ბოლომდე. ამ პატარა ერმა აქამდე მოაღწია, თავისი რელიგიით, მართლმადიდებლობით, კულტურით, ტრადიციებით. ჩვენ ქართველები ვართ, შეგვიძლია გადავრჩეთ და მომავალშიც ასე იქნება. მე მოგიწოდებთ, თქვენი ძირითად მოვალეობაზე – ქვეყნებს შორის კულტურულ, მეგობრული, ეკონომიკური ურთიერთობა, მათი გაძლიერება. ამაზე კონცენტრირდით. ამ „უსამშობლოებს“ თავი დაანებეთ, ისინი „ლუზერები“ არიან, თუმცა თქვენი უფლებაა, იყოთ „ლუზერების“ წარმომადგენლები”, – განაცხადა ზარქუამ.
გარდა ამისა, ზარქუამ ისაუბრა სანქციებზე, რომელიც ბალტიისპირეთის რამდენიმე ქვეყნიდან დაწესდა და აღნიშნა, რომ მათ „თავიანთი პატრონებისგან დაკვეთა აქვთ მიღებული, რომ საქართველოში რევოლუცია მოახდინონ“.
„ის, რომ ბალტიისპირელები ჩვენ გვერჩიან არახალია – საუბარი მაქვს ხელისუფლებასა და ოფიციალურ პირებზე. მათ თავიანთი პატრონებისგან დაკვეთა აქვთ მიღებული, რომ აქ რევოლუცია მოახდინონ და მოიყვანონ მთავრობა, როგორც 2003 წლიდან ჰყავდათ აგენტურა სააკაშვილის სახით. არ გახსოვთ, ხოცვა-ჟლეტა, ბიზნესების წართმევა და ადამიანს ჩაგვრა რომ ჰქონდათ? პატიმრების რაოდენობით პირველ ადგილზე ვიყავით, მაგრამ ბალტიისპირელი მაშინდელი ხელმძღვანელობისთვისაც რომ გეკითხა სააკაშვილი „დემოკრატიის შუქურა“ იყო, რადგან ეტყობა კარგად საჩუქრდებოდნენ დიქტატორისგან“, – განაცხადა ზარქუამ.